საქართველოში 2023 წლის პირველ კვარტალში 5 311 კონცენტრაცია დარეგისტრირდა
კონკურენციის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2023 წლის პირველ კვარტალში საქართველოში ეკონომიკური აგენტების 5 311 კონცენტრაცია (გაერთიანება) დარეგისტრირდა.
მათივე ცნობით, იდენტიფიცირებული მონაცემების მიხედვით, 5 309 შემთხვევაში რეგისტრირებულ კონცენტრაციებში მონაწილე მხარეების წლიური ბრუნვა წინასწარი შეტყობინების ვალდებულების წარმოშობისთვის აუცილებელ კრიტერიუმს წლიური ბრუნვის ნაწილში არ აკმაყოფილებდა. ორი შემთხვევა აკმაყოფილებდა, თუმცა ორივე მათგანი კონკურენციის კანონმდებლობით განსაზღვრულ გამონაკლისებში მოექცა.
„სააგენტოსათვის წინასწარ სავალდებულო შეტყობინებას ექვემდებარება კონცენტრაცია, თუ მისი მონაწილე პირების ერთობლივი (ჯამური) წლიური ბრუნვა საქართველოს ტერიტორიაზე 20 მილიონ ლარს და ამასთან, კონცენტრაციის მონაწილე, მინიმუმ, ორი პირიდან თითოეულის წლიური ბრუნვა ხუთ მილიონ ლარს აღემატება. სააგენტოს გვერდის ავლით კონცენტრაციის განხორციელების შემთხვევაში გათვალისწინებულია ჯარიმა, კომპანიის წინა წლის ბრუნვის 5%-მდე მოცულობით. კონცენტრაციის შესახებ შეტყობინების განხილვის საფასურია 5 000 ლარი.
2022 წელს საქართველოში რეგისტრირებული 20 639 კომპანიის გაერთიანება (კონცენტრაცია) იქნა გადამოწმებული. სააგენტომ 6 კონცენტრაციაზე თანხმობა გასცა. აქედან, ორი გაერთიანება სააგენტოს გვერდის ავლით განხორციელდა. შესაბამისად, ეკონომიკურ აგენტებს 60 000 ლარის ოდენობით ჯარიმა დაეკისრათ“, – აღნიშნულია საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.