საქართველოში 2018 წელს ელექტროენერგიის მოხმარება გაიზარდა, ბუნებრივი გაზისა და ნავთობპროდუქტების კი, შემცირდა
საქართველოში 2018 წელს ელექტროენერგიის მოხმარება გაიზარდა, ბუნებრივი გაზისა და ნავთობპროდუქტების კი, შემცირდა

საქართველოში 2018 წელს, წინა წელთან შედარებით, ელექტროენერგიის წარმოება 5,4 პროცენტით გაიზარდა და 12 148,6 მილიონი კილოვატსაათი შეადგინა. აღნიშნულ ინფორმაციას საქსტატი აქვეყნებს.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ოფიციალური დეკლარირებული მონაცემების მიხედვით, ელექტროენერგიის წარმოების გაზრდა ძირითადად განპირობებული იყო როგორც მეტი წყალმოდინებით, ასევე ორი სეზონური და შვიდი მცირე ელექტროსადგურის სისტემაში ჩართვით.

ამასთან, საქსტატის ცნობით, 2018 წლის განმავლობაში მოპოვებულია 30,2 ათასი ტონა ნედლი ნავთობი (2017 წელთან შედარებით 5,6 პროცენტით ნაკლები), 137,9 ათასი ტონა ქვანახშირი (წინა წელთან შედარებით 48,6 პროცენტით ნაკლები) და 10,2 მილიონი მ3 ბუნებრივი გაზი, წინა წელთან შედარებით 20,0 პროცენტით მეტი.

გამოკვლევის შედეგებით, 2018 წელს საქართველოში წარმოებულია 1 440,1 ათასი მ3 შეშა, წინა წელთან შედარებით 25,7 პროცენტით ნაკლები. 2018 წელს მოხმარებულია 11 937,3 მილიონი კილოვატსაათი ელექტროენერგია, რაც 6,5 პროცენტით აღემატება 2017 წლის შესაბამის მაჩვენებელს. ამასთან, ელექტროენერგიის მოხმარების ზრდა ძირითადად განპირობებულია, როგორც წარმოების მოცულობისა და მომსახურების დარგების გაფართოებით, ასევე შინამეურნეობებში აღნიშნულ ენერგორესურსზე მოთხოვნის ზრდით.

ამავე კვლევით, 2018 წლის მონაცემებით, ბუნებრივ გაზზე მოთხოვნის მოცულობამ შეადგინა 2 408,3 მილიონი მ3 (წინა წელთან შედარებით 1,3 პროცენტით ნაკლები), ხოლო წლის განმავლობაში მოხმარებულია 1 809,2 მილიონი მ3 ბუნებრივი გაზი, წინა წელთან შედარებით 0,8 პროცენტით ნაკლები. 2017 წელთან შედარებით ბუნებრივი გაზის მოხმარება შემცირდა შინამეურნეობების სექტორში (3,7 პროცენტით ნაკლები).

საქსტატი აღნიშნავს, რომ შემცირების მიზეზი უმთავრესად თბილი ზამთარი იყო. მოთხოვნის შესაბამისად, დამამუშავებელი მრეწველობის ცალკეულ დარგში და საგზაო ტრანსპორტში ბუნებრივი გაზის მოხმარება შემცირებულია.

საქსტატის გამოკვლევის შედეგების მიხედვით, 2018 წელს ქვეყანაში მოხმარებულია 1 240,0 ათასი ტონა ნავთობპროდუქტი, წინა წელთან შედარებით 2,3 პროცენტით ნაკლები, რაც გარკვეულწილად ნავთობპროდუქტებზე ფასების მატებით აიხსნება. სტრუქტურაში უდიდესი წილი – 73,3 პროცენტი მოდის ელექტროენერგიის წარმოებაზე. მეორე ადგილს იკავებს ბიოსაწვავი და ნარჩენებისგან წარმოებული ენერგია 19,1 პროცენტით, რომელიც ძირითადად,  წარმოდგენილია შეშის სახით, ხოლო დანარჩენი სახეობის ენერგორესურსები სტრუქტურაში შედარებით დაბალი წილით ხასიათდებიან.

ენერგორესურსების მოხმარების სტრუქტურაში 34,5 პროცენტი მოდის ბუნებრივ გაზზე. შედარებით მაღალი წილით ხასიათდება აგრეთვე ნავთობპროდუქტები – 28,9 პროცენტი და ელექტროენერგია – 23,3 პროცენტი. წლის განმავლობაში მოხმარებული ენერგიის 6,2 პროცენტს შეადგენს ბიოსაწვავი და ნარჩენებისგან წარმოებული ენერგია, ხოლო დარჩენილი 7,1 პროცენტი მოდის ქვანახშირზე და გეოთერმულ ენერგიაზე.

ამასთან, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, 2018 წლის ენერგორესურსების მოხმარების სექტორული ანალიზი აჩვენებს, რომ ენერგორესურსების ყველაზე დიდი მომხმარებელია ტრანსპორტის დარგი, რომელზეც მოდის მთლიანი მოხმარების 33,1 პროცენტი. 27,7 პროცენტი მოდის შინამეურნეობებზე, 20,5 პროცენტი – მრეწველობის დარგზე, 2,6 პროცენტი – მშენებლობაზე, 0,6 პროცენტი – სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობის დარგზე, ხოლო დარჩენილი 15,5 პროცენტი კერძო და სახელმწიფო მომსახურებაზე და სხვა მომხმარებლებზე ნაწილდება.