საქართველოსა და უკრაინას შორის სატვირთო საავტომობილო გადაზიდვების ნებართვების გაცვლის პროცედურის თაობაზე ელექტრონული სისტემების შექმნა იგეგმება
საქართველოსა და უკრაინას შორის სატვირთო საავტომობილო გადაზიდვების ნებართვების გაცვლის პროცედურის თაობაზე ელექტრონული სისტემების შექმნა იგეგმება

უკრაინასა და საქართველოს შორის საერთაშორისო სატვირთო საავტომობილო გადაზიდვების ნებართვების გაცვლის პროცედურის თაობაზე ელექტრონული საინფორმაციო სისტემების შექმნა იგეგმება. შესაბამის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს დღეს ხელი მოაწერეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, გურამ გურამიშვილმა და უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ, დმიტრო აბრამოვიჩმა, რომელიც საქართველოში უკრაინის დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში იმყოფება.

გურამ გურამიშვილის განცხადებით, ინოვაციური ციფრული ტექნოლოგიების საავტომობილო გადაზიდვებში დანერგვის პროცესში თანამშრომლობის შედეგად, მხარეები ეტაპობრივად შეძლებენ დღეისთვის არსებული ნებართვებისა და კონტროლის სისტემის სრულად ციფრულ ფორმატში გადაყვანას, რაც საერთაშორისო სატვირთო საავტომობილო გადაზიდვების სფეროში ორი ქვეყნის შესაბამისი უწყებების მრავალწლიან თანამშრომლობას უფრო მაღალ საფეხურზე აიყვანს.

„ჩვენი კორიდორისთვის ძალიან მნიშვნელოვანია უკრაინასთან საავტომობილო მიმოსვლის პერსპექტივები. შესაბამისად, გაფორმებული მემორანდუმი ხელს შეუწყობს ჩვენს ქვეყნებს შორის საავტომობილო მიმოსვლისა და ურთიერთსასარგებლო ეკონომიკური თანამშრომლობის კიდევ უფრო განვითარებას“, – აღნიშნა ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ.

მისივე ინფორმაციით, უკრაინულ მხარესთან ერთად ასევე განიხილეს შავ ზღვაზე კავშირების გაუმჯობესების საკითხები, რომლის ძირითადი მიმართულება არის საბორნე და საკონტეინერო გემების რეგულარული მიმოსვლა როგორც რეისების რაოდენობის გაზრდის, ასევე შავ ზღვაში დამატებით ახალი ბორნების დაყენების კუთხით.

„ასევე ვიმსჯელეთ მომავალ გეგმებზე საქართველოსა და უკრაინის რკინიგზების წარმომადგენლებთან ერთად და უახლოეს მომავალში გვექნება კონკრეტული გადაწყვეტილებები, რომლებიც უზრუნველყოფს ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან შავ ზღვაზე სატრანსპორტო კავშირების გაუმჯობესებას“, – აღნიშნა გურამ გურამიშვილმა.

ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.