საქართველოსა და თურქეთს შორის ავიამიმოსვლა დღეიდან ჩერდება
საქართველოსა და თურქეთს შორის ავიამიმოსვლა დღეიდან ჩერდება

საქართველოსა და თურქეთს შორის ფრენები დღეიდან ჩერდება. აღნიშნული გადაწყვეტილება კორონავირუსის გავრცელების პრევენციასთან დაკავშირებულ შეზღუდვებს უკავშირდება.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოსა და თურქეთს შორის ფრენების გაუქმება 14 მარტიდან იგეგმებოდა, თუმცა, ორმხრივი გადაწყვეტილების შედეგად, პერიოდი 20 მარტამდე გახანგრძლივდა.

შეზღუდვები უკვე რამდენიმე დღეა, მოქმედებს სახმელეთო საზღვარზე. კერძოდ, საქართველო და თურქეთი შეთანხმდნენ, შეზღუდონ ფიზიკური პირების გადაადგილება სარფის საბაჟო-გამშვები პუნქტის გავლით. აღნიშნული შეზღუდვა არ ეხება ტვირთბრუნვას.

„ამასთან, ორ ქვეყანას შორის არსებული ინტენსიური ხალხთაშორისი და საქმიანი კავშირების გათვალისწინებით, მხარეები შეთანხმდნენ, რომ ფიზიკური პირების გადაადგილებისთვის ფუნქციონირებას განაგრძობს ვალესა და კარწახის გადასასვლელი პუნქტები“, – აღნიშნულია საქართველოს საგარეო უწყების ინფორმაციაში.