საქართველოში ტაჯიკეთის რესპუბლიკის ტრანსპორტის სამინისტროს წარმომადგენლების ვიზიტის ფარგლებში, საქართველოსა და ტაჯიკეთის საავიაციო ხელისუფლებებს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული მემორანდუმი საჰაერო მიმოსვლის შესახებ მთავრობათაშორისი ორმხრივი შეთანხმების გაფორმებამდე, პირდაპირი ფრენების დაწყებასთან დაკავშირებულ ტექნიკურ საკითხებს არეგულირებს.
მემორანდუმის შესაბამისად, მხარეებს უფლება აქვთ, დანიშნონ ერთი ან მეტი ავიაკომპანია მხარეთა ტერიტორიაზე პირდაპირი რეგულარული სამგზავრო და სატვირთო საჰაერო მიმოსვლის განხორციელების მიზნით. დანიშნულ ავიაკომპანიებს კი, უფლება აქვთ, საქართველოსა და ტაჯიკეთის ნებისმიერ პუნქტს შორის საჰაერო მიმოსვლა განახორციელონ.