საქართველოსა და სომხეთის ჯანდაცვის მინისტრებს შორის სატელეფონო საუბარი შედგა
საქართველოსა და სომხეთის ჯანდაცვის მინისტრებს, ეკატერინე ტიკარაძესა და არსენ ტოროსიანს შორის სატელეფონო საუბარი შედგა.
საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, არსენ ტოროსიანმა ქართულ მხარეს სომხეთში არსებული მდგომარეობის შესახებ დამატებითი ინფორმაცია მიაწოდა, სომხურმა მხარემ ქართველ კლინიცისტებთან კომუნიკაციისა და მათი მხრიდან გამოცდილების გაზიარების სურვილი გამოთქვა. უახლოეს პერიოდში დაიგეგმა ვიდეოკონფერენცია.
„მოგვაწოდა სტატისტიკა, თუ რამდენი ადამიანი მკურნალობს ბინაზე, რამდენი გადის სტაციონარულ მკურნალობას, ინფორმაცია მძიმე პაციენტების შესახებ, ასევე, რა რაოდენობის პაციენტები საჭიროებენ ჟანგბადის მხარდაჭერას. ისინიც „კოვიდს“ ხედავენ, როგორც გლობალურ პრობლემას და ჩვენი გეოგრაფიული მდგომარეობიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, რომ ყველა ამ პრობლემის განხილვა მოხდეს კომპლექსურად, რეგიონულ ჭრილში, რადგან ეს არ არის ერთი ქვეყნის გამოწვევა“, – აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.
მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, ქვეყნებს შორის გამოცდილების გაზიარება.
„სომხეთის ჯანდაცვის მინისტრი დაინტერესდა, თუ როგორია ჩვენი სტრატეგიული გეგმა შემოდგომისთვის და რა სახის ღონისძიებებს ვატარებთ, როგორ ვემზადებით. დაინტერესდა, როგორ იკვლევენ ჩვენი ეპიდემიოლოგები ინფექციის გავრცელების ჯაჭვს. ძირითადი აქცენტი და ინტერესი არის იმის შესახებ, თუ როგორი კლინიკური მიდგომები გვაქვს. გადავწყვიტეთ, შედგეს ვიდეოკონფერენცია, რომელსაც მიეცემა სისტემატური ხასიათი. კონფერენციის შედეგად, უფრო დეტალურად დავადგენთ საჭიროებებს და დავგეგმავთ კონკრეტულ დავალებებს. ამასთანავე, ჩვენი მხრიდან შეთავაზებული იყო სასუნთქი აპარატებით დახმარება, ასევე პერსონალის, რა თქმა უნდა, ვინც გამოთქვამს სურვილს ამის შესახებ, სომხეთში გაგზავნა. ასევე შევთავაზეთ, რომ ჩვენი ტესტების მოცულობიდან გამომდინარე, შეგვიძლია დავუშვათ საზღვარზე ისეთი ლოგისტიკის აწყობა, რომ მათ ჰქონდეთ ნაცხების გადმოცემის შესაძლებლობა. იმ შემთხვევაში, თუ თავიანთი ლაბორატორიული სიმძლავრე არ ჰყოფნით, დავახმართ ჩვენს ლაბორატორიულ სიმძლავრეს. მინისტრს მოეწონა ეს იდეა, თუმცა ჯერჯერობით შევთანხმდით იმაზე, რომ შედგება ორი ქვეყნის სპეციალისტებს შორის კომუნიკაცია და მას შემდეგ გადაწყდება დამატებითი დეტალები“, – აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.
ვიდეოკონფერენცია უახლოეს მომავალში ჩაინიშნა და მასში მონაწილეობას ჯანდაცვის სამინისტროს საკოორდინაციო კომისიისა და კლინიკური ჯგუფის წევრები მიიღებენ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ დღეს განაცხადა, რომ საქართველო მეზობელი სომხეთის დახმარების საკითხს განიხილავს და შესაბამისი დავალება ჯანდაცვის სამინისტროს უკვე გადაეცა.