საქართველოსა და საბერძნეთს შორის რეგულარული საჰაერო მიმოსვლა 3 ივნისიდან განახლდება
მიმდინარე წლის 3 ივნისიდან საქართველოსა და საბერძნეთს შორის რეგულარული საჰაერო მიმოსვლა განახლდება. ათენი – თბილისი – ათენის საჰაერო ხაზზე ავიარეისებს ბერძნული ავიაკომპანია Aegean Airlines-ი შეასრულებს.
აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ავრცელებს.
„სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში წარმოდგენილი განაცხადის შესაბამისად, ოპერირება ორი ქვეყნის დედაქალაქს შორის თავდაპირველად კვირაში ერთი სიხშირით დაიწყება, ხოლო ზაფხულის სანავიგაციო სეზონის მიმდინარეობისას, ფრენების რაოდენობა ეტაპობრივად გაიზრდება.
ათენი – თბილისი – ათენის მიმართულებით რეგულარული რეისები შემდეგი განრიგით შესრულდება: 3 ივნისიდან 29 ოქტომბრამდე, რეგულარული რეისები განხორციელდება ყოველ პარასკევს, 4 ივლისიდან სეზონის ბოლომდე (29 ოქტომბერი) დაემატება კიდევ ერთი სიხშირე და ფრენები შესრულდება ყოველ პარასკევს და კვირას. ხოლო 21 ივლისიდან ავიაკომპანია დაამატებს მესამე სიხშირეს და სეზონის დარჩენილ პერიოდში ფრენები განხორციელდება ყოველ ოთხშაბათს, პარასკევსა და კვირას.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, ავიაკომპანია Aegean Airlines-ს საჰაერო მიმოსვლის განხორციელებისათვის აუცილებელი ნებართვა მიმდინარე წლის 25 მაისს მიენიჭა. ეგეოსის ავიახაზები საქართველოს საავიაციო ბაზარზე 2012 წლიდან ოპერირებს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.