საქართველოსა და პორტუგალიის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის შეთანხმება გააფორმეს
პორტუგალია მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს, ქვეყნის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და დაინტერესებულია სხვადასხვა სფეროში საქართველოსთან ურთიერთობების განვითარებით, – განაცხადა პორტუგალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აუგუშტუ სანტუშ სილვამ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანთან ლისაბონში შეხვედრისას.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მინისტრებმა მაღალი შეფასება მისცეს ორი ქვეყნის თანამშრომლობას, რომელიც ყოველწლიურად ახალ განზომილებებს იძენს, რისი ნათელი მაგალითიც არის ვიზიტის ფარგლებში ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების გაფორმება. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, პორტუგალია მზადყოფნას გამოთქვამს, ტურიზმის სფეროში საკუთარი წარმატებული გამოცდილება გაუზიაროს საქართველოს, რომელიც თავის მხრივ, ტურიზმის სფეროში შთამბეჭდავ წარმატებებს აღწევს და გააჩნია ბუნებრივი პოტენციალი მის განსავითარებლად.
„მინისტრებმა აღნიშნეს, რომ საქართველოსა და პორტუგალიას მტკიცე მეგობრობა აკავშირებთ და ორივე ქვეყანა დაინტერესებულია, განავითაროს ხალხთაშორისი კონტაქტები, ურთიერთობები კულტურისა და განათლების სფეროებში. შეხვედრაზე ყურადღება გაამახვილეს სავაჭრო-ეკონომიკური მიმართულებით თანამშრომლობის დიდ პოტენციალს. ამ მხრივ განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საქართველოს საინვესტიციო და ბიზნესშესაძლებლობებზე, ქვეყნის აქტიურ ჩართულობაზე საერთაშორისო სატრანზიტო და ენერგეტიკულ მარშრუტებში“, – აღნიშნულია საქართველოს საგარეო უწყების განცხადებაში.
მათივე ცნობით, საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა კოლეგას ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილ მდგომარეობაზე, ადამიანის უფლებების დარღვევის უმძიმეს ფაქტებზე და მადლობა გადაუხადა პორტუგალიას სხვადახვა საერთაშორისო ფორმატებში საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის, რაც გამოიხატა, მათ შორის, რუსეთის მხრიდან საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის დაგმობის არაერთ განცხადებაში.
„შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოს წარმატებულ სვლას ევროპული და ევროატლანტიკური მიზნისკენ, ქვეყნის წამყვან პოზიციებს „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ფორმატში და საქართველოს საბოლოო მიზანს, გახდეს ევროპული და ევროატლანტიკური ოჯახის წევრი. შეხვედრაზე ისაუბრეს აღმოსავლეთ პარტნიორობის 10 წლის იუბილესა და ამ ფორმატში თანამშრომლობის სამომავლო მიზნების დასახვაზე წევრი ქვეყნების მისწრაფებებისა და მათ მიერ მიღწეული პროგრესის გათვალისწინებით“, – აცხადებენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში.
უწყების ცნობით, დავით ზალკალიანმა პორტუგალიელი კოლეგა ვიზიტით საქართველოში მოიწვია
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი პორტუგალიის რესპუბლიკას ვიზიტით 21-22 აპრილს სტუმრობდა.