ილია დარჩიაშვილმა პორტუგალიაში ვიზიტი შეაჯამა
ილია დარჩიაშვილმა პორტუგალიაში ვიზიტი შეაჯამა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა პორტუგალიაში ვიზიტი დაასრულა.

ლისაბონში ვიზიტის ფარგლებში დარჩიაშვილმა შეხვედრები საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან გამართა. საგარეო უწყების ხელმძღვანელმა შეხვედრებზე განიხილა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი და ისაუბრა საქართველოს მიერ ევროკომისიის 12 პრიორიტეტის შესრულების კუთხით მიღწეულ პროგრესზე.

ამასთან, ილია დარჩიაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ პორტუგალია მხარს დაუჭერს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას.

ლისაბონში გამართულ შეხვედრებზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ისაუბრა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებაზე და ხაზი გაუსვა დასავლელი პარტნიორების მხარდაჭერის მნიშვნელობას.

პორტუგალიურმა მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის, ისევე როგორც ევროპული და ევროატლანიკური ინტეგრაციის მხარდაჭერა.

„პორტუგალია ევროკავშირის ერთ-ერთი წევრი ქვეყანაა, რომელიც მყარად უჭერს მხარს საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას. ვიზიტის ფარგლებში შევხვდი პორტუგალიელ კოლეგას, რომელთანაც ვისაუბრე ძალიან ბევრ საკითხზე, რაც გვაქვს ორმხრივ ურთიერთობებში, მომავალ თანამშრომლობაზე როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში. მან დამარწმუნა, რომ ჩვენ გვექნება ძალიან ძლიერი მხარდაჭერა პორტუგალიის. მე კი აღვუთქვი ჩვენი განსაკუთრებული ძალისხმევა საქართველოში რეფორმების გატარების, მათ შორის 12 პრიორიტეტის შესრულების მიმართულებით. შევთანხმდით, რომ ორმხრივი ვიზიტების ურთიერთგაცვლას მომავალშიც გავაგრძელებთ. ევროპულ საკითხთა სახელმწიფო მდივანთან ასევე ვისაუბრეთ 12 პუნქტის მიმართულებით, როგორ უნდა გავაგრძელოთ მჭიდრო კოორდინაცია იმისთვის, რომ საქართველომ წლის ბოლოსთვის მიიღოს ევროკავშირის წევრი ქვეყნის სტატუსი და საქართველოს ევროპული ინტეგრაცია გავხადოთ შეუქცევადი პროცესი. ძალიან საინტერესო შეხვედრა გვქონდა პარლამენტის სპიკერთან, რომელთანაც ვისაუბრეთ, თუ როგორი დიდი მნიშვნელობა აქვს საპარლამენტო განზომილებას მთავრობებს შორის თანამშრომლობის ფორმატში. წინა წელს საქართველოს პარლამენტის სპიკერიც სტუმრობდა პორტუგალიას და ამან ძალიან მნიშვნელოვანი, ახალი იმპულსი მოიტანა საპარლამენტო თანამშრომლობაში. პარლამენტის პრეზიდენტმა აღგვითქვა, რომ საქართველოს ექნება ძლიერი მხარდაჭერა პორტუგალიიდან. ვფიქრობ, მთლიანობაში ვიზიტი იყო შედეგიანი. ერთი მხრივ, ვისაუბრეთ ორმხრივი თანამშრომლობის გაძლიერებაზე, მეორე მხრივ, როგორ უნდა მოვახდინოთ პორტუგალიის მობილიზება, რომელიც იქნება საქართველოს ევროპული ინტეგრაციის ერთ-ერთი ძლიერი და ხმამაღალი მხარდამჭერი“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა ვიზიტის შეჯამებისას.