საქართველოსა და ლიეტუვის პრეზიდენტებმა ერთობლივ დეკლარაციას მოაწერეს ხელი
საქართველოსა და ლიეტუვის პრეზიდენტებმა დღეს ორბელიანების სასახლეში „საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდასაჭერად“ ერთობლივ დეკლარაციას მოაწერეს ხელი.
საქართველოსა და ლიეტუვის რესპუბლიკის პრეზიდენტებმა დეკლარაციით დაადასტურეს საქართველოსა და ლიეტუვის რესპუბლიკას შორის განსაკუთრებული ურთიერთობები;
პრეზიდენტებმა ხაზი გაუსვეს რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს რეგიონების, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის დეოკუპაციისა და ევროკავშირის შუამავლობით 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების შესრულების აუცილებლობას; ასევე, საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპებზე დაყრდნობით, რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანად გადაჭრის აუცილებლობას, აღნიშნეს რა საკუთარი სახლებიდან ეთნიკური წმენდის შედეგად გამოძევებული იძულებით გადაადგილებული პირებისა და დევნილების უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების აუცილებლობა;
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პრეზიდენტები დეკლარაციით მიესალმნენ საქართველოს პროგრესს მის ევროპულ გზაზე, რომელიც მოიცავს ასოცირების შეთანხმებას/ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების იმპლემენტაციას;
ამასთან, პრეზიდენტებმა დაადასტურეს, რომ ასოცირების შეთანხმება/ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებები წარმოადგენენ რეფორმების გეგმას, რომლებიც ხელს უწყობენ საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას, მათ შორის შიდა ბაზარზე;
ხაზი გაუსვეს რეფორმების გზის გაგრძელების აუცილებლობას, განსაკუთრებით რეფორმები მართლმსაჯულების სისტემაში, კერძოდ ზომები სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობისა და ანგარიშვალდებულების გასაძლიერებლად, ასევე დემოკრატიის კონსოლიდაციის რეფორმები, მათ შორის საარჩევნო რეფორმები;
პრეზიდენტები შეთანხმდნენ საერთო ძალისხმევის გაძლიერებაზე, რათა წინ წაიწიოს საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის პროცესი ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების საბოლოო იმპლემენტაციის მიზნით.