საქართველოსა და იტალიას შორის მაღალი დონის დიალოგის დაფუძნების შესახებ დეკლარაციას მოეწერება ხელი
დღეს საქართველოსა და იტალიის რესპუბლიკას შორის მაღალი დონის დიალოგის დაფუძნების შესახებ დეკლარაციას მოეწერება ხელი, – ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, ქვეყნებს შორის დიალოგის ფორმატის დაფუძნების შეთანხმება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის რომში ვიზიტის ფარგლებში გაფორმდება.
ილია დარჩიაშვილის განცხადებით, იტალიის რესპუბლიკასთან მაღალი დონის დიალოგის ახალი ფორმატი მოიცავს რამდენიმე მნიშვნელოვან მიმართულებას, ესენია: თავდაცვა და უსაფრთხოება, პოლიტიკური მიმართულება, სავაჭრო-ეკონომიკური და კულტურულ-საგანმანათლებლო. მისი შეფასებით პლატფორმა თვისობრივად ახალ დონეზე აიყვანს ორი ქვეყნის თანამშრომლობას.
„ჩემს იტალიელ კოლეგასთან ერთად ხელი მოეწერება სტრატეგიული დიალოგის შესახებ ახალი პლატფორმის შექმნას, რომელიც რამდენიმე მნიშვნელოვან მიმართულებას მოიცავს. აღნიშნული ფორმატი გააძლიერებს და ახალ იმპულსს მოუტანს იტალიის და საქართველოს ორმხრივ ურთიერთობებს“, – განაცხადა დარჩიაშვილმა.
იტალიაში მიმდინარე ვიზიტის შეფასებისას ილია დარჩიაშვილმა, ასევე ყურადღება გაამახვილა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე იტალიის მხარდაჭერის მნიშვნელობაზე, მათ შორის კანდიდატის სტატუსის მინიჭების პროცესში.
დარჩიაშვილის თქმით, საქართველოსთვის ყველაზე მთავარი პრიორიტეტი ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებაა და როგორც საგარეო საქმეთა სამინისტრო, ისე ამ პროცესში ჩართული ყველა სახელმწიფო უწყება იმაზეა ფოკუსირებული, რომ ქვეყანამ რაც შეიძლება მალე მიიღოს კანდიდატის სტატუსი.
„ჩვენს იტალიელ კოლეგებთან და პარტნიორებთან ერთად ვიმსჯელებთ იმაზე, თუ როგორი მხარდაჭერა სჭირდება საქართველოს იმისთვის, რომ მიიღოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი და რა მიმართულებით არის აქცენტები გასაკეთებელი. მქონდა შესაძლებლობა, მესაუბრა პარლამენტის სპიკერთან, რადგან ამ პროცესში საპარლამენტო მხარდაჭერაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. მინდა, აღვნიშნო, რომ ჩვენ მისგან მივიღეთ ძალიან მკაფიო მხარდაჭერა და დარწმუნებული ვარ , რომ პარლამენტი, იტალიის მთავრობასთან ერთად, ძალიან აქტიურად იქნება ჩართული საქართველოს მხარდაჭერის პროცესში.“-განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.
საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, იტალიელ კოლეგასთან დაგეგმილ შეხვედრაზე ისაუბრებს იმ მთავარ მიმართულებებზე, რომლებიც ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე სჭირდება საქართველოს.
„ჩვენ ძალიან დინამიკურად ვთანამშრომლობთ ორმხრივ ფორმატში საქართველო-ევროკავშირის მიმართულებით. მაგრამ ასევე ძალიან აუცილებელი და მნიშვნელოვანია, რომ ინდივიდუალურად ვიმუშაოთ ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან, რომლებიც გამოხატავენ ძლიერ მხარდაჭერას ჩვენი ქვეყნის მიმართ, რადგან ეს გადაწყვეტილება მიიღება კონსენსუსით და ყველა ქვეყნის მზადყოფნა და მხარდაჭერა სჭირდება“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.
საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი სამუშაო ვიზიტით იტალიის რესპუბლიკას სტუმრობს. ვიზიტის ფარგლებში საგარეო უწყების ხელმძღვანელი შეხვედრებს მართავს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან.