საქართველოსა და აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის სადელიმიტაციო კომისიის სხდომა 23-24 მაისს ბაქოში გაიმართება
საქართველოსა და აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის სადელიმიტაციო კომისიის სხდომა 23-24 მაისს ბაქოში გაიმართება

საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრის სადელიმიტაციო კომისიის მორიგი სხდომა 23-24 მაისს ბაქოში გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს პირველ არხს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

კომისიის სხდომა ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების მოადგილეების, ლაშა დარსალიას და ხალაფ ხალაფოვის ხელმძღვანელობით ჩატარდება.

14 მაისს ბაქოში შედგა სამუშაო შეხვედრა საქართველოს და აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრის სადელიმიტაციო კომისიების თავმჯდომარეებს, საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ლაშა დარსალიასა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის სპეციალური წარმომდგენლის, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ხალაფ ხალაფოვს შორის.

საქართველოს საგარეო უწყების ინფორმაციით, მხარეებმა მიმოიხილეს სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციის მიმდინარეობა და განიხილეს სამომავლო ნაბიჯები. აღინიშნა, რომ სახელმწიფო საზღვრის დაახლოებით 2/3 შეთანხმებულია შესაბამისი კომისიების მიერ და აუცილებელია აქტიური კომუნიკაციის განახლება შეუთანხმებელი მონაკვეთებზე მხარეთა პოზიციების შეჯერების მიზნით.