საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებამ აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს 22 ტონა თხევადი ჟანგბადი საჩუქრად გადასცა
საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებამ შვეიცარიის წითელი ჯვრის მხარდაჭერით, 22 ტონა თხევადი ჟანგბადი მიიღო და აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს საჩუქრად გადასცა.
ჟანგბადის გადმოცემის პროცესს, ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში, აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ნინო ნიჟარაძე, საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების გენერალური მდივნის მოადგილესთან, კახა მამულაძესთან ერთად დაესწრო.
„წითელი ჯვარისგან აჭარის რეგიონს საჩუქრად გადმოეცა 22 ტონა ჟანგბადი. დაძაბული ეპიდემიოლოგიური ვითარების დროს ძალიან მნიშვნელოვანი საჩუქარია, ვინაიდან გაზრდილია ჟანგბადამოკიდებული კოვიდპაციენტების რაოდენობა, ასევე ჟანგბადის მოხმარება. აღნიშნული რაოდენობა გადანაწილდება იმ კოვიდდაწესებულებებზე, რომლებიც ყველაზე გაზრდილი რაოდენობით მოიხმარენ ჟანგბადს, ეს გახლავთ – ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო, ბათუმის სამედიცინო ცენტრი, ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტალი და მაღალტექნოლოგიური კლინიკია „მედცენტრი“, მე კიდევ ერთხელ მადლობას გადავუხდი წითელ ჯვარს გადმოცემული საჩუქრისათვის“, – აღნიშნა აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა, ნინო ნიჟარაძემ.
საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების საწყისი ეტაპიდან ჩართულია მოსახლეობის მხარდასაჭერად სხვადასხვა მიმართულებით.