ეროვნული კინოცენტრის ცნობით, დღეიდან ცნობილი ქართველი რეჟისორი, სცენარისტი და მსახიობი ნინო კირთაძე „ევრიმაჟში“ საქართველოს წარმომადგენელი იქნება.
საქართველო „ევრიმაჟის“ წევრი ქვეყანა 2011 წელს გახდა. კინოცენტრში აცხადებენ, რომ ამ წლების განმავლობაში დაფინანსდა 15 ქართულ-უცხოური კოპროდუქცია. ფონდის მიერ ქართული პროექტების დასაფინანსებლად გაიცა 3 092 322 ევრო.
1997 წლიდან ნინო კირთაძე ცხოვრობს და მუშაობს პარიზში. რეჟისორობამდე აქტიურად იყო ჩართული ჟურნალისტურ საქმიანობაში, მუშაობდა კონფლიქტის ზონებში და აშუქებდა ჩეჩნეთის, ყარაბახისა და აფხაზეთის ომების მიმდინარეობას. მისი სარეჟისორო დებიუტი საფრანგეთში შედგა. დღეს ევროპაში აღიარებული რეჟისორია – ხუთჯერ არის დაჯილდოვებული ფრანგული არტ ჰაუსის რეჟისორ-სცენარისტთა გილდიის მიერ, ოთხჯერ აქვს მიღებული წლის საუკეთესო ფილმის პრიზი საფრანგეთში, არის გერმანიის „ოქროს გრიმეს“ მფლობელი. ნინო კირთაძეს არაერთი პრიზი აქვს მიღებული პრესტიჟულ საერთაშორისო კინოფესტივალებზე, მათ შორის საუკეთესო რეჟისორის ჯილდო სანდენსის კინოფესტივალზე და ევროპული კინოაკადემიის ოსკარი.
აღსანიშნავია, რომ როგორც მსახიობი, ნინო კირთაძე პირველად გამოჩნდა ნანა ჯორჯაძის ფილმში „შეყვარებული კულინარის ათას ერთი რეცეპტი“, სადაც ის პარტნიორობას პიერ რიშარს უწევდა. ნინო მუშაობდა ისეთ მსახიობებთან, როგორებიც არიან ვიტორიო გასმანი, ბენ კასარა, ჟაკ დიუტრონი და შარლოტ რემპლინგი. ამჟამად, თავისი ახალი ფილმის წარმოებას ასრულებს, მუშაობს ორი მხატვრული ფილმის სცენარზე და აქტიურად თანამშრომლობს საფრანგეთისა და შვეიცარიის კინოსკოლებთან და კოლუმბიის უნივერსიტეტთან, როგორც პროფესორი. ნინო კირთაძის ხელმძღვანელობით 40-მდე ფილმია შექმნილი, რომელთაც საერთაშორისო წარმატება ხვდა წილად.