საქართველოს ტურიზმის პოტენციალს ვენის Ferien Messe Wien გამოფენაზე ეცნობიან
საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავსტრიაში, ვენაში, საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში, Ferien Messe Wien-ში მონაწილეობს. გამოფენაზე წარმოდგენილია აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი. ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.
მათივე ცნობით, გამოფენის ფარგლებში შეხვედრები გაიმართა ავსტრიის ტურიზმის სახელმწიფო მდივანსა და ავსტრიის ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის დირექტორთან. შეხვედრას დაესწრო ავსტრიაში საქართველოს ელჩი ქეთევან ციხელაშვილი.
„Ferien Messe Wien-ის ფარგლებში საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის წარმომადგენლებმა შეხვედრები გამართეს ავსტრიის ეკონომიკის სამინისტროში. შეხვედრები შედგა ტურისტული მედიაგამოცემის, T.A.I-სა და ტურისტული სააგენტოს, Ruefa-ს დირექტორებთან, ასევე ავსტრიის ტურიზმის ასოციაციისა და ავსტრიის ავიახაზების ხელმძღვანელ პირებთან. შეხვედრებზე საუბარი შეეხო ტურიზმის მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავებას, ტურების გამართვას და საქართველოს ცნობადობის გაზრდას ავსტრიაში. საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია და აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავსტრიის ავიახაზებთან საქართველოში პრეს და გაცნობითი ტურის მოწყობას განიხილავენ.
ვენის ტურისტულ გამოფენაზე 850 კომპანია და ორგანიზაცია მონაწილეობს, გამოფენას 11 ათასი ვიზიტორი ჰყავს“, – ნათქვამია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციაში.