საქართველოს ტურისტული სეზონის პოპულარიზაციის მიზნით National Geographic-ზე მარკეტინგული კამპანია იწყება
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია საერთაშორისო პორტალზე National Geographic მასშტაბურ მარკეტინგულ კამპანიას იწყებს.
მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე უდიდეს სამოგზაურო ჟურნალთან თანამშრომლობის დეტალები საზოგადოებას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ და National Geographic-ის ცენტრალური ოფისის ვიცე-პრეზიდენტმა ანაბელ კანველმა გააცნეს, კონფერენციას სამოგზაურო პარტნიორობის დეპარტამენტის დირექტორი ნიტუ კამბოჯი ესწრებოდა.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, National Geographic-ზე ახალი მარკეტინგული კამპანიის მიზანია საქართველოს ზაფხულისა და შემოდგომის ტურისტული სეზონის პოპულარიზაცია და ქვეყნის ტურისტული პოტენციალის წარმოჩენა.
ინტერნეტ კამპანია 14 მაისიდან 14 ოქტომბრამდე გაგრძელდება. კამპანიის ჯამური ღირებულება 250 000 ევროს შეადგენს. ინტერნეტ კამპანია ევროპისა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებს მოიცავს.
კამპანიის ფარგლებში National Geographic-ის მთავარ ვებგვერდზე ინფორმაცია ფოტო და ვიდეო მასალით განთავსდება. მასალა სპეციალური გზამკვლევის Georgia Travel Guide საშუალებით გავრცელდება. კამპანიის ფარგლებში, სპეციალური ონლაინ ბანერები Nationalgeographic.com-ის History-ის, Adventure-ის და Travel-ის სექციებში განთავსება, ხოლო პოსტები National Geographic-ის Facebook გვერდზე. ასევე, გათვალისწინებულია საქართველოს შესახებ რეკლამა.