საქართველოს ტერიტორიების წინააღმდეგ მიმართულ ქმედებაში ბრალდებულები, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა ბრალს არ აღიარებენ
საქართველოს ტერიტორიების წინააღმდეგ მიმართულ ქმედებაში ბრალდებულები, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა ბრალს არ აღიარებენ

საქართველოს ტერიტორიების წინააღმდეგ მიმართულ ქმედებაში ბრალდებულები, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა ბრალს არ აღიარებენ.

როგორც დაკავებული ნატალია ილიჩოვას ადვოკატმა განაცხადა, მისი დაცვის ქვეშ მყოფი გირაოს შეფარდებას ითხოვს.

„ბრალი ედება ქალბატონ ნატალიას საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგო მოქმედებაში, თუმცა ის ამ ბრალეულობას არ აღიარებს და ბუნებრივიცაა, ვერ აღიარებდა იმას, რაც არ ჩაუდენია, დაკავებულია მოსამართლის განჩინებით. იმედია, სასამართლო, როდესაც იმსჯელებს აღკვეთის ღონისძიების საკითხზე, მიიღებს სწორ და სამართლიან გადაწყვეტილებას და მას პატიმრობას არ შეუფარდებს. ქალბატონი ნატალია ისევე, როგორც ჩვენ, არის საქართველოს მოქალაქე და მის ინტერესშიც შედის საქართველოს საზღვარი იყოს ისეთი, როგორიც გვინდა რომ იყოს, მაგრამ ადამიანმა რომ რუკის წაკითხვა იცოდეს სწორად და სწორი ინფორმაცია მიაწოდოს კომისიას ამის გამო ის პატიმრობაში არ უნდა იმყოფებოდეს“, – განაცხადა კომახიძემ.

ამასთან, კითხვაზე, ხომ არ ხედავს დაკავებული ნატალია ილიჩოვა საქმეში პოლიტიკურ მოტივებს, ადვოკატები აცხადებს, რომ ამ ეტაპზე აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადებებს ვერ გააკეთებს.

„ჩვენ პოლიტიკურ განცხადებებს ვერ გავაკეთებთ ამ ეტაპზე, თუმცა ყველა მოქმედებას მიანიშნებს იმაზე, რომ ამ საქმეს პოლიტიკური სუნი უდის. აღკვეთის საკითხზე ჩვენი ალტერნატივა იქნება ის რომ პატიმრობის გამოყენება არ იქნება მიზანშეწონილი, ამიტომ მოვითხოვთ გირაოს“, – განაცხადა კომახიძემ.

რაც შეეხება საქმეზე დაკავებულ კიდევ ერთ პირს, ივერი მელაშვილს, ადვოკატ ედუარდ მარიკაშვილის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი გირაოს არ ითხოვს და აცხადებს, რომ „იბრძოლებს ბოლომდე“.

„არ აღიარებს ბატონი ივერი წარდგენილ ბრალდებას. ბრალდება არის ძალიან ზოგადი, ერთმანეთში არის არეული სხვადასხვა ცნებa, მათ შორის ბატონ ივერის ვალდებულებას უწესებს პროკურატურა, თითქოს მას ვალდებულება ჰქონდა აზერბაიჯანთან ისტორიული საზღვრის დადგენისა, რაც აბსურდულია, რადგან ბატონი ივერი იყო სპეციალისტი თავისი საქმის და კომისიასთან ერთად და არა მარტო მუშაობდა ამ საკითხზე. საგამოძიებო მოქმედებები ჩვენი მხრიდან ჩატარდება საფუძვლიანად და ვეცდებით, მოვიპოვოთ იმ პირთა ჩვენებები, ვინც საბოლოო გადაწყვეტილებებს იღებდა. ივერი მელაშვილის პოზიციაა, რომ ის არ აპირებს არანაირი ალტერნატივის შეთავაზებას, მათ შორის გირაოსი. ის თვლის, რომ ეს არის მისი ბრძოლა და არანაირი დათმობა მხოლოდ იმიტომ, რომ გარეთ იყოს არ იქნება. ბატონი ივერის პოზიცია არის, რომ ბრალდება არის იმდენად აბსურდული და არის ისეთ პერიოდში წამოწეული, აშკარად აჩენს, რომ ეს არის პოლიტიკური პროცესი და მსხვერპლშეწირვა პატიოსანი ადამიანების, რომლებიც უფასოდ, 20 წლის განმავლობაში წერტილ-წერტილ ზომავდნენ აზერბაიჯანთან კონკრეტულ საზღვრებს და ცდილობდნენ, რომ ქვეყნისთვის რაღაც კარგი გაეკეთებინათ, ესეთ ხალხს სწირავენ“, – განაცხადა ადვოკატმა.

საქართველოს ტერიტორიების წინააღმდეგ მიმართულ ქმედებაში ბრალდებულებს, ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას ბრალი დღეს წარედგინათ.

დავით გარეჯის საქმეზე პროკურატურამ ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა 7 ოქტომბერს დააკავა.

როგორც პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო საქართველოს თავდაცვის სამინისტროდან მიღებული წერილობითი ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, წლების განმავლობაში საგარეო საქმეთა სამინისტროსთან არსებული სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის ექსპერტების მიერ, სახელმწიფო საზღვრის შეთანხმებისას მუდმივად ხდებოდა რელევანტური დოკუმენტაციის იგნორირება და მათთვის გვერდის ავლით საქართველოს საზიანო გადაწყვეტილებების მიღება. ამავე ინფორმაციის თანახმად, საქართველოს მოქალაქემ, სხვა ქვეყანებში მოიძია და თავდაცვის სამინისტროს გადასცა მნიშვნელოვანი საარქივო მასალა, მათ შორის ტოპოგრაფიული რუკები, რომლებიც წარმოდგენილი იქნა გამოძიების წინაშე.