საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი - უნივერსიტეტსა და ამერიკულ კომპანიას შორის გაფორმებული ხელშეკრულება კოსმოსურ კვლევებში საქართველოს როლს გააძლიერებს
ქართული კოსმოსური დიდგაბარიტიანი კონსტრუქციებით, გამოჩენილი ქართველი მეცნიერის ელგუჯა მეძმარიაშვილისა და ამ მიმართულებით საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამუშაოებით ევროპული კომპანიების შემდეგ, ამერიკული კომპანია EOS DATA ANALITIKS, INC დაინტერესდა, – ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის განცხადებით, ამერიკულმა მხარემ, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა, რაც კოსმოსური რეფლექტორების დარგში თეორიულ და ექსპერიმენტულ კვლევებს, პროექტირებასა და კოსმოსური ნაკეთობების შექმნას გულისხმობს. EOS DATA ANALITIKS, INC-მა საქართველოში დააფუძნა კომპანია „Transformable Structures. Georgia – T. S. Georgia“, რომლის დირექტორი და გენერალური კონსტრუქტორი აკადემიკოსი ელგუჯა მეძმარიაშვილია.
„საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და ამერიკულ კომპანია EOS DATA ANALITIKS, INC -ს შორის გაფორმებული ხელშეკრულება კოსმოსურ კვლევებში საქართველოს როლს გააძლიერებს. საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში წლების განმავლობაში იქმნებოდა კონსტრუქციები, რომლებმაც არაერთი სპეციალური კოსმოსური პროგრამის შესრულება უზრუნველყო. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ასრულებდა კომპანიების – Daimler Benz-ის, Alenia Aerospazio-ს და ESA-ს (European Space Agency) შეკვეთებს. პირველი ქართული კოსმოსური ობიექტი სწორედ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში შეიქმნა. აღსანიშნავია, რომ ამერიკულ-ქართული კომპანიის საწარმოო პროცესებში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის თანამშრომლები ჩაერთვებიან. უნივერსიტეტს კოსმოსური დიდგაბარიტიანი რეფლექტორების დარგში მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს. სპეციალისტების უმრავლესობა დღემდე აგრძელებს კოსმოსური ტექნიკის დარგში მუშაობას“, – აღნიშნა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, დავით გურგენიძემ.
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და ამერიკულ კომპანიას შორის გაფორმებული ხელშეკრულება და ის სამუშაოები, რაც უნივერსიტეტის ბაზაზე განხორციელდება, მსოფლიოში მიმდინარე კოსმოსური კვლევების ნაწილი იქნება და მნიშვნელოვან შედეგზეა გათვლილი.
„კომპანია „T.S. Georgia“-ს სამეცნიერო, საკონსტრუქტორო, ექსპერიმენტულ და საწარმოო პროცესებში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი და მისი სტრუქტურული ერთეულები – „ნაგებობების, სპეციალური სისტემებისა და საინჟინრო უზრუნველყოფის ინსტიტუტი“ და „ანალიზხელსაწყო“ ჩაერთვება. კონსტრუქციების ნაწილი დამზადდება „ანალიზხელსაწყოში“. ჩვენ, 2000-ანი წლებიდან, ძირითად, ევროპულ კომპანიებთან და ევროპის კოსმოსურ სააგენტოსთან (ESA) ვთანამშრომლობდით. მათთან ხელშეკრულების საფუძველზე მრავალი კონსტრუქცია შევქმენით. მნიშვნელოვანია ის, რომ ჩვენ შევიმუშავეთ დიდგაბარიტიანი რეფლექტორების შექმნის იდეოლოგია და სქემები, რომლის მიხედვითაც დღეს მსოფლიოს ბევრი კომპანია მუშაობს. ჩვენ მიერ შექმნილი კოსმოსური სისტემებიდან, რომელიც ორბიტაზე იქნა გაყვანილი, აღსანიშნავია სამი სისტემა, რომელიც ღია ლიტერატურაში ფართოდ არის განხილული. ასევე, მნიშვნელოვანია სპეცსამუშაოები, რომლის მიხედვითაც საქართველოში შექმნილია სამი 30 მეტრის გაბარიტის მქონე გასაშლელი კოსმოსური კონსტრუქცია, ორი 15-მეტრიანი ტრანსფორმირებადი ნაკეთობა და ერთი მიწისზედა, 12 მეტრის დიამეტრის მქონე საინჟინრო კომპლექსი. პირველი ქართული კოსმოსური ობიექტის ორბიტაზე გაყვანის შემდეგ 20 წელი გავიდა და დღემდე, ის რჩება ევროპაში ერთ-ერთ ყველაზე დიდ გასაშლელ კონსტრუქციად ორბიტაზე. ამიტომ, დღეს განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ვიწყებთ იმ ტიპის კონსტრუქციების შესრულებას, რომლის პერსპექტივა კოსმოსურ ორბიტაზე გაშვებაა“, – აცხადებს ელგუჯა მეძმარიაშვილი.
ცნობისათვის, ქართველი მეცნიერი, სამხედრო მეცნიერებათა და ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი, გენერალ-მაიორი ელგუჯა მეძმარიაშვილი პირველი ქართული კოსმოსური ობიექტის გენერალური კონსტრუქტორია.
პირველი ქართული კოსმოსური ობიექტი ორბიტაზე 1999 წლის 23 ივლისს გავიდა. კოსმოსში მისი წარმატებით გაშლისა და გამოცდის შემდეგ, ქართული კოსმოსური ობიექტი 28 ივლისს ჩამოსცილდა ორბიტულ სადგურს და დამოუკიდებელ ორბიტაზე გადავიდა.