საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ფრანგ ხალხს ეროვნულ დღესასწაულს ულოცავს
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი დავით გურგენიძე, უნივერსიტეტის სახელით, ფრანგ ხალხსა და საფრანგეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში დიეგო კოლასს საფრანგეთის დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.
„თქვენო აღმატებულებავ, ბატონო ელჩო, ჩემთვის დიდი პატივია, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სახელით, ფრანგ ხალხსა და პირადად თქვენ საფრანგეთის ეროვნული დღესასწაული – ბასტილიის აღების დღე მოგილოცოთ. უდავოდ დიდია საფრანგეთის რევოლუციის მნიშვნელობა მსოფლიო ისტორიაში, როგორც გლობალური დემოკრატიული მოძრაობის წინამორბედი მოვლენისა, რომლითაც ახალი ეპოქა დაიწყო. საფრანგეთის რესპუბლიკასა და საქართველოს ერთმანეთთან უმნიშვნელოვანესი ისტორიული სიმბოლო აკავშირებთ. ეს ლევილია, რომელიც დღემდე რჩება ჩვენს ხალხებს შორის თანამშრომლობისა და მეგობრობის საძირკვლად. ქართველი ხალხი დამსახურებულად ამაყობს ჩვენს ქვეყნებს შორის საუკუნეების მანძილზე განმტკიცებული ისტორიული, კულტურული და საგანმანათლებლო კავშირებით. მინდა სიამაყით განვაცხადო, რომ წინაპრების გაკვალულ გზას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ღირსეულად აგრძელებს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია საფრანგეთის ცნობილ უნივერსიტეტებთან თანამშრომლობა. ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტის ფარგლებში, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის ფაკულტეტსა და რენის პირველ უნივერსიტეტს შორის ერთობლივი საბაკალავრო პროგრამა ხორციელდება. მევენახეობა-მეღვინეობის ერთობლივი სამაგისტრო პროგრამის შესაქმნელად კი, მუშაობა დასრულდა მსოფლიოში სამეცნიერო გარემოთი განთქმულ მონპელიე SupArgo-სთან. გარდა ამისა, საფრანგეთის საელჩოს ჩართულობით, მუშაობა რამდენიმე ახალი მიმართულებით გაძლიერდა. ამგვარი საგანმანათლებლო-სამეცნიერო თანამშრომლობა ხელს უწყობს საქართველოსა და საფრანგეთის ახალგაზრდობის, სამეცნიერო წრეების მეტად დაახლოებას. გვსურს გავმოხატოთ დიდი მადლიერება, რადგან საგანმანათლებლო და სამეცნიერო კავშირების გაღრმავების მხრივ, საქართველოში საფრანგეთის საელჩოსა და პირადად თქვენი წვლილი განუზომლად დიდია. თქვენო აღმატებულებავ, კიდევ ერთხელ გილოცავთ ეროვნულ დღესასწაულს, მთელი გულით გისურვებთ მშვიდობას, კეთილდღეობასა და წარმატებებს თქვენ და თქვენს დიდებულ ქვეყანას“, – აღნიშნულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის, პროფესორ დავით გურგენიძის მიმართვაში.