საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დელეგაცია გერმანიაში, აშშ-ის რამშტაინის საჰაერო ბაზაზე უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრას დაესწრო
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დელეგაცია, მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძის ხელმძღვანელობით, გერმანიაში, აშშ-ის რამშტაინის საჰაერო ბაზაზე უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრას დაესწრო.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრას აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი და გაერთიანებული შტაბების უფროსი გენერალი მარკ მილი მასპინძლობდნენ.
რამშტაინის ფორმატის შეხვედრაზე უკრაინაში არსებული ვითარება, ქვეყნის საჭიროებები და შესაძლებლობები, ასევე სამომავლო პერსპექტივები და უკრაინის დასახმარებლად ნატო-ს წევრი თუ არაწევრი ქვეყნების შესაძლებლობები განიხილეს. საკონტაქტო ჯგუფი მხარს უჭერს უკრაინას და გმობს რუსეთის გაუმართლებელ და აგრესიულ ომს უკრაინის წინააღმდეგ.
„ჩვენ ვაპირებთ გავაღრმავოთ ჩვენი საერთო გადაწყვეტილება, დავეხმაროთ უკრაინელ ხალხს თავისუფლებისთვის ბრძოლაში“, – განაცხადა აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა და შეხვედრაში მონაწილე მხარეებს მადლობა გადაუხადა.
უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრას საქართველოს თავდაცვის მინისტრი აშშ-ის თავდაცვის მდივნის მიწვევის საფუძველზე დაესწრო.
„შეხვედრაზე წარმოდგენილი იყო და განვიხილეთ უკრაინაში მიმდინარე სიტუაცია, ის შესაძლებლობები, სამომავლო პერსპექტივები, თუ რა შესაძლებლობებით შეიძლება, დაეხმარონ ნატო-ს წევრი თუ არაწევრი ქვეყნები უკრაინას. ეს ჯგუფი აქტიურად განაგრძობს მუშაობას და დაეხმარება უკრაინას შესაძლებლობების განვითარებაში“, – განაცხადა მინისტრმა.
რამშტაინის საჰაერო ბაზაზე გამართულ შეხვედრაში 50-მდე თანამოაზრე ქვეყნის თავდაცვის მინისტრები და მაღალი რანგის სამხედრო პირები მონაწილეობდნენ. აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის მიერ ორგანიზებული უკრაინის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრა მეხუთედ, ხოლო რამშტაინის ბაზაზე მეორედ ტარდება.