საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ ნატო-ს სამხედრო მედიცინის დახელოვნების ცენტრთან თანამშრომლობის დოკუმენტი გააფორმა
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ნატო-ს პირველი პარტნიორი ქვეყანაა, რომელმაც ალიანსის სამხედრო მედიცინის დახელოვნების ცენტრთან ფორმალური თანამშრომლობის დოკუმენტი გააფორმა. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
უწყების ცნობით, უნგრეთის რესპუბლიკაში ვიზიტით მყოფი საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე ნატო-ს სამხედრო მედიცინის დახელოვნების ცენტრს ესტუმრა, სადაც მან ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერა ხელი.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შეთანხმება მიზნად ისახავს ცენტრსა და თავდაცვის სამინისტროს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას, სამხედრო-სამედიცინო წვრთნებისა და სწავლებების გამოცდილების გაზიარებას, სამედიცინო პერსონალის გადამზადებას, ასევე მობილური ჯანდაცვის შესაძლებლობების განვითარებას. სამხედრო-სამედიცინო შესაძლებლობების განვითარება ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ერთ-ერთ ინიციატივად განისაზღვრა. ამ კუთხით საქართველოს თავდაცვის სამინისტრო აქტიურად თანამშრომლობს ნატო-ს სამხედრო მედიცინის დახელოვნების ცენტრთან.