საქართველოს თავდაცვის ძალები მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტების ხუთ შესასვლელს შსს-სთან ერთად აკონტროლებენ
საქართველოს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთ სარდლობის ქვედანაყოფები მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტების ხუთ შესასვლელს ბოლნისსა და კაზრეთში, ასევე თეთრიწყარო-მარნეულისა და წითელი ხიდი-რუსთავის დამაკავშირებელ გზებზე საგანგებოდ მოწყობილ საკონტროლო გამშვებ პუნქტებზე შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად აკონტროლებენ.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საკონტროლო გამშვებ პუნქტებზე სამხედრო მოსამსახურეები ამოწმებენ ყველა შემსვლელ-გამომსვლელ პირს. საბრძოლო-საინჟინრო ბატალიონის სწრაფი რეაგირების რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური დაცვის დანაყოფი სპეციალური ხსნარით ტერიტორიაზე შემავალი და გამავალი ავტოტრანსპორტის დამუშავებას უზრუნველყოფს.
„დანაყოფი ნატო-ს სტანდარტების შესაბამისი ტექნიკით არის აღჭურვილი, რომელიც სხვადასხვა ეპიდემიის და მსგავსი შემთხვევების ლიკვიდაციისთვის გამოიყენება. თავდაცვის ძალების სამედიცინო პერსონალი კი, საგუშაგოებთან გაშლილ საველე კარვებში მოქალაქეებს პირველად სამედიცინო შემოწმებას უტარებს“, – ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ბოლნისისა და მარნეულის მკაცრ საკარანტინო რეჟიმზე გადასვლასთან დაკავშირებით, საქართველოს თავდაცვის ძალები კორონავირუსის გავრცელების საპრევენციო ღონისძიებებში 23 მარტიდან ჩაერთნენ.
„თავდაცვის ძალები შინაგან საქმეთა სამინისტროსთან სრულ კოორდინაციაში საკარანტინო შეზღუდვებს საგანგებო რეჟიმში აკონტროლებენ“, – აცხადებს სამინისტრო.