საქართველოს სტუდენტური ორგანიზაციების ასოციაცია ევროპის სტუდენტთა გაერთიანების წევრი გახდა
საქართველოს სტუდენტური ორგანიზაციების ასოციაცია ევროპის სტუდენტთა გაერთიანების წევრი გახდა

საქართველოს სტუდენტური ორგანიზაციების ასოციაცია (სსოა) ევროპის სტუდენტთა გაერთიანების (ესუ) წევრი გახდა.

ბულგარეთში, სოფიაში ევროპის სტუდენტთა გაერთიანების სამუშაო შეხვედრას საქართველოს წარმომადგენლები ნიკა თიკანაშვილი და არჩილ ჯავახიშვილი დაესწრნენ. სამუშაო შეხვედრაზე წარმოდგენილი იყო 40-ზე მეტი ევროპული სახელმწიფო.

საქართველოს სტუდენტური ორგანიზაციების ასოციაციის ინფორმაციით, საქართველოს წარმომადგენლებმა გამგზავრებამდე ყველა საჭირო დოკუმენტი გადაგზავნეს და მიიღეს თანხმობა ესუ-დან წევრობის საკითხის განხილვის თაობაზე.

სოფიაში გამართულ სამუშაო შეხვედრაზე საქართველოს წარმომადგენლები სიტყვით გამოვიდნენ, სადაც წარმოადგინეს სსოა-ს მიერ განხორციელებული პროექტები, სამომავლო გეგმები, სსოა-ს სტრუქტურა, მუშაობის სპეციფიკა და უპასუხეს ესუ-ს წევრების მიერ დასმულ შეკითხვებს.

პრეზენტაციის ბოლოს წევრმა სახელმწიფოებმა კენჭისყრაზე ერთხმად დაუჭირეს მხარი საქართველოს გაწევრიანების საკითხს. ასევე, ჩაინიშნა საქართველოში ოფიციალური ვიზიტის თარიღი.

„ევროპის სტუდენტთა გაერთიანება 1982 წელს დაფუძნდა და აერთიანებს 40-ზე მეტ სახელმწიფოსა და 39 მილიონამდე სტუდენტს. გაერთიანების ძირითადი მიზნებია სტუდენტთა უფლებების დაცვა, მათი ხმის წარმოდგენა ისეთ ორგანოებში როგორებიცაა – ევროკავშირი, ევროსაბჭო, ბოლონიის პროცესის მონაწილე სახელმწიფოები, იუნისეფ-ი, აგრეთვე სტრატეგიული დოკუმენტებისა და რეკომენდაციების შემუშავება სტუდენტური პრობლემების აღმოფხვრისა და გადაჭრის მიზნით, ქვეყანაში ბოლონიის რეფორმების გატარების ხელშეწყობა და მარტივი გზების დასახვა, უმაღლესი განათლების რეფორმებისა და ხარისხის გაუმჯობესების სტრატეგიული დოკუმენტების შემუშავება“, – აღნიშნულია საქართველოს სტუდენტური ორგანიზაციების ასოციაციის ინფორმაციაში.