საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაცია - „მთავარ არხზე“ გასულ სიუჟეტში ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტის საუბრის კონტექსტი შეცვლილია და გაშუქებულია ისე, თითქოს სტომატოლოგების პროტესტი საქართველოში მიმდინარეობს
საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაცია მიმდინარე წლის 5 მაისს მთავარ არხზე საინფორმაციო გადაცემაში გასულ სიუჟეტს ეხმაურება.
ასოციაციის ინფორმაციით, სიუჟეტის თანახმად, დღეს საქართველოში ინდივიდუალური დაცვის საშუალებების დეფიციტია, რაც სტომატოლოგების პროტესტის მიზეზი გახდა.
„ამ მოსაზრების გასამყარებლად არგუმენტად მოჰყვება ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტის, ზურაბ ალხანიშვილის სინქრონი. სინამდვილეში, ინტერვიუს დროს ამ საკითხზე გაკეთებული ალხანიშვილის კომენტარი შეეხებოდა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში არსებული სიტუაციის მიმოხილვას და არა საქართველოში არსებულ რეალობას“, – აღნიშნულია საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის ინფორმაციაში.
საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციაში განმარტავენ, რომ გასულ სიუჟეტში კონტექსტი სრულად შეცვლილია და გაშუქებულია ისე, თითქოს აღნიშნული პროტესტი სწორედ საქართველოში მიმდინარეობს.
„საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაცია ვალდებულად მიიჩნევს, გაავრცელოს აღნიშნული განცხადება, რათა მოსახლეობა არ იქნეს შეცდომაში შეყვანილი. აქვე განვმარტავთ, რომ, ასოციაციის ინფორმაციით, დღესდღეობით სტომატოლოგიური კლინიკების ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით მომარაგების პრობლემა არ ფიქსირდება“, – აცხადებენ საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციაში.