„ევრონიუსზე" ქუთაისში ელექტრო ავტომობილების წარმოების შესახებ მომზადებული რეპორტაჟი გავიდა
„ევრონიუსზე" ქუთაისში ელექტრო ავტომობილების წარმოების შესახებ მომზადებული რეპორტაჟი გავიდა

საქართველო, ქვეყანა რომელიც ეკოლოგიის დაცვისთვის, ელექტრო ავტომობილების წარმოებას იწყებს, – ტელეკომპანია „ევრონიუსის“ რუბრიკაში „ფოკუსი“ საქართველოს შესახებ მორიგი სიუჟეტი გავიდა.

როგორც „ევრონიუსი“ წერს, ქართული კერძო კომპანიისა და ელექტრო ავტომობილების მსოფლიოში უმსხვილესი მწარმოებელი ჩინური ჯგუფის თანამშრომლობის შედეგად, საქართველო კავკასიის რეგიონში პირველი ქვეყანა გახდება, სადაც ელექტრო ავტომობილების ქარხანა გაიხსნება.

„ევრონიუსის“ წარმომადგენელი ქართული ინდუსტრიული ჰოლდინგის „აიგრუპის“ დირექტორთა საბჭოს წევრ კახა გულედანს ესაუბრა.

„ჩვენ ინვესტიციებს ვახორციელებთ პროექტებში, რომელიც იცავს და პატივს ცემს გარემოს. ეს ინვესტიციები ბიზნესის სპეციფიკიდან გამომდინარე საკმაოდ დიდია და საჭიროებს სპეციალურ ინფრასტრუქტურას, მათ შორის მთელი ქვეყნის მასშტაბით ელექტრო დამუხტვის სადგურებისა და მზის ენერგიის მიმღებების განთავსებას. რაც შეეხება დასაქმებას, საწყისი ფაზისთვის ჩვენ 300-მდე მუშახელის დასაქმებას ვგეგმავთ, თუმცა ოპერაციულ ფაზაში უფრო მეტი შემოგვიერთდება. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ქუთაისისთვის და უფრო ფართო რეგიონისთვის“,- აცხადებს კახა გულედანი.

ქარხანა წელიწადში 40 ათასი ელექტრომობილის გამოშვებას გეგმავს და საწყის ეტაპზე ოთხი სხვადასხვა მოდელი იქნება წარმოებული. მათი უმეტესობა ადგილობრივ ბაზარზე გაიყიდება.

ევრონიუსი აღნიშნავს, რომ ქუთაისი მალე მსოფლიოს ერთ-ერთი უახლესი ქალაქი გახდება, რომელიც ელექტრო ავტომობილების გაზიარების სერვისს დანერგავს.

„ეს ქარხანა ჩვენი ეკონომიკის ისტორიაში ახალ თავს გახსნის. ეს ორი ათასი ახალი სამუშაო ადგილის შექმნით, დაგვეხმარება ეკონომიკის რეფორმაში და ამავე დროს ექსპორტის პოტენციალის ზრდაში“, – აცხადებს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე „ევრონიუსთან“ საუბრისას.

როგორც „ევრონიუსი“ აღნიშნავს, პროექტი მთავრობისთვის უფრო დიდი გეგმის ნაწილია, გადაიყვანოს ქვეყნის ეკონომიკა მწვანე კონცეფციაზე. ეს ასევე დაეხმარება საავტომობილო ინდუსტრიის განვითარებას საქართველოში.