საქართველოს შვიდ დიდ ქალაქში ღამის საათებში გადაადგილებაზე შეზღუდვა დღეიდან ამოქმედდება
საქართველოს შვიდ დიდ ქალაქში ღამის საათებში გადაადგილებაზე შეზღუდვა დღეიდან ამოქმედდება

საქართველოს შვიდ დიდ ქალაქში ღამის საათებში გადაადგილებაზე შეზღუდვა დღეიდან ამოქმედდება. თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში, ზუგდიდში, გორსა და ფოთში გადაადგილება შეზღუდული იქნება 22:00 საათიდან დილის 05:00 საათამდე. გადაწყვეტილება უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ 7 ნოემბრის სხდომაზე მიიღო.

შეზღუდვა გავრცელდება როგორც ფეხით მოსიარულეებზე, ასევე ტრანსპორტითა და კერძო ავტომობილებით მოსარგებლეებზე.

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, შეზღუდვა არ გავრცელდება: საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვებზე; ოპერაციულ შტაბთან შეთანხმებით, იმ პირებსა და ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე, რომელთა გადაადგილება კრიტიკულად აუცილებელია სამსახურებრივი მოვალეობის შესასრულებლად, მათ შორის სამედიცინო და ფარმაცევტული დანიშნულების, სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტებისა და მედიის წარმომადგენლებზე და მიტანის სერვისის კურიერებზე.

საბჭოს გადაწყვეტილების თანახმად, ​ყველა ორგანიზაცია იმუშავებს 22:00 საათამდე, გარდა სამედიცინო და ფარმაცევტული დანიშნულებისა და სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტებისა.

„ასევე, ამ ქალაქებში მიღებული იქნება სპეციალური ზომები მუნიციპალურ ტრანსპორტში ადამიანების რაოდენობის შემცირებასთან დაკავშირებით. დღის განმავლობაში ტრანსპორტის გადაადგილება არ შეიზღუდება“, – აღნიშნულია საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებაში.

როგორც ვიცე-პრემიერმა, მაია ცქიტიშვილმა განმარტა, დამატებითი წერტილოვანი შეზღუდვების ფარგლებში, გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვის დარღვევისთვის ფიზიკური პირისთვის გათვალისწინებულია 2 000-ლარიანი ჯარიმა, იურიდიული პირისთვის კი 10 000-ლარიანი. მისივე თქმით, აღნიშნული სანქციები განსაზღვრულია კანონით, რომელიც არეგულირებს საკარანტინო ღონისძიებებს.