საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი ევროპის მაუწყებელთა კავშირის 2023 წლის ახალი ამბების ასამბლეას მასპინძლობს
საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი ევროპის მაუწყებელთა კავშირის (EBU) 2023 წლის ახალი ამბების ასამბლეას მასპინძლობს.
რიგით მე-18 ასამბლეა „რადისონ ბლუ ივერიის“ საკონფერენციო დარბაზში მიმდინარეობს. ღონისძიება ევროპის მაუწყებელთა კავშირის ახალი ამბების კომიტეტის თავმჯდომარემ, ევროპის მაუწყებელთა კავშირის გენერალურმა დირექტორმა და საქართველოს პირველი არხის გენერალურმა დირექტორმა გახსნეს.
ასამბლეას ევროპის საზოგადოებრივი მაუწყებლების ნიუსრუმის ხელმძღვანელები ესწრებიან.
პანელური დისკუსიები მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდება. ეს არის ევროპის მაუწყებელთა კავშირის ყოველწლიური ფორუმი, სადაც ევროპის მაუწყებელთა კავშირის წევრი ქვეყნების წარმომადგენლები იკრიბებიან.
„გაიხსნა ასამბლეა, რომელსაც ესწრება 47 ქვეყნის 100 დელეგატი. ძირითადად წარმოდგენილი არიან ნიუსრუმის ხელმძღვანელები, ჟურნალისტები. განიხილება ძალიან საჭირბოროტო საკითხები, მათ შორის რეგიონში არსებული გამოწვევები, საზოგადოებრივი მაუწყებლის როლი დემოკრატიული ქვეყნის ფორმირებაში. ამიტომ, ვართ აბსოლუტურად ჩართული და, რაც მთავარია, ყველა აღნიშნავს საზოგადოებრივი მაუწყებლის ცვლილებას, რომელიც სახეზეა“, – განაცხადა საქართველოს პირველი არხის გენერალურმა დირექტორმა, თინათინ ბერძენიშვილმა.