საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი EBU-ს 2023 წლის ახალი ამბების ასამბლეას უმასპინძლებს
22-23 ნოემბერს საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი ევროპის მაუწყებელთა კავშირის (EBU) ახალი ამბების რიგით მე-18 ასამბლეას უმასპინძლებს.
ღონისძიებაში ევროპის 56 ქვეყნის საზოგადოებრივი მაუწყებლების ნიუსრუმის ხელმძღვანელები მიიღებენ მონაწილეობას, ჯამში კი, 100-მდე დელეგატი მოიყრის თავს. ღონისძიებას ასევე დაესწრება ევროპის მაუწყებელთა კავშირის გენერალური დირექტორი ნოელ კურანი.
„ევროპის მაუწყებელთა კავშირის ახალი ამბების ასამბლეა მნიშვნელობითა და მასშტაბით გამორჩეული ღონისძიებაა. წელს საქართველო და ჩვენი ქვეყნის საზოგადოებრივი მაუწყებელი არის რიგით მე-18 ასამბლეის მასპინძელი, ორგანიზატორი და აქტიური მონაწილე“, – განაცხადა პირველი არხის გენერალურმა დირექტორმა, თინათინ ბერძენიშვილმა.
ახალი ამბების ასამბლეა ევროპის მაუწყებელთა კავშირის ყოველწლიური ფორუმია, სადაც EBU-ის წევრი ქვეყნების წარმომადგენლები იკრიბებიან, რათა განიხილონ მნიშვნელოვანი სტრატეგიული თემები, გაუზიარონ ერთმანეთს გამოცდილება და მიიღონ ინფორმაცია ახალ კვლევებსა და მიგნებებზე საზოგადოებრივი მაუწყებლობის ახალი ამბების შესახებ.
ფორუმი ახალი ამბების დირექტორებს და მთავარ რედაქტორებს საშუალებას აძლევს, გაცვალონ მოსაზრებები ახალი ამბების გაშუქების გაუმჯობესებაზე, ასევე მედიაბაზარზე ადაპტაციის შესახებ და სხვა.