საპატრიარქო - რუსეთის პატრიარქი უკვე ჩაერთო ტატუნაშვილის ცხედრის ოჯახისთვის გადაცემის საკითხში და ყოველმხრივ ეცდება, ეს მაქსიმალურად მოკლე დროში მოხდეს
საქართველოს საპატრიარქომ რუსეთის საპატრიარქოსგან მიიღო ინფორმაცია, რომ რუსეთის პატრიარქი არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის ოჯახისთვის გადმოცემის საკითხში ჩაერთო, – ამის შესახებ აღნიშნულია საქართველოს საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
„დაგვიკავშირდნენ რუსეთის საპატრიარქოდან და გვაცნობეს, რომ მიიღეს არჩილ ტატუნაშვილის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის წერილი, რომელიც გადაუგზავნეს ბულგარეთში ოფიციალური ვიზიტით მყოფ რუსეთის პატრიარქს.
მისმა უწმინდესობა კირილემ განაცხადა, რომ, უწმინდესი და უნეტარესი ილია II-ის თხოვნით, უკვე ჩაერთო არჩილის ცხედრის ოჯახისთვის გადმოცემის საკითხში და ყოველმხრივ ეცდება, ეს მაქსიმალურად მოკლე დროში განხორციელდეს.
ამ დროისთვის მოპოვებული ინფორმაციით, ცხედარი ექსპერტიზაზეა და მას საქართველოში საერთაშორისო ორგანიზაცია წითელი ჯვარი ჩამოასვენებს“, – აღნიშნულია საქართველოს საპატრიარქოს განცხადებაში.