საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ვაშინგტონში კონგრესმენ რობერტ პიტენგერს შეხვდა
საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ვაშინგტონში კონგრესმენ რობერტ პიტენგერს შეხვდა

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია დეპუტატ სოფო კილაძის ხელმძღვანელობით, ვაშინგტონში კონგრესმენ რობერტ პიტენგერს შეხვდა.

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ქართველმა პარლამენტარებმა  ქართულ-ამერიკული ურთიერთობების მნიშვნელობა და საქართველოში მიმდინარე დემოკრატიული რეფორმებისა და ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით ამერიკის განსაკუთრებული მხარდაჭერა აღნიშნეს.

დელეგაციამ საკონსტიტუციო რეფორმის შესახებ, ასევე, ადამიანის უფლებათა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის პრიორიტეტებსა და საქმიანობაზე ისაუბრა. ქართული მხარის მიერ განსაკუთრებულად იქნა ხაზგასმული საქართველოსა და ამერიკას შორის თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების როლი და მნიშვნელობა, როგორც ამერიკის შეერთებული შტატების, ასევე, საქართველოსათვის.

საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, კონგრესმენმა დაადასტურა აშშ-ს განსაკუთრებული მხარდაჭერა სტრატეგიულ პარტნიორთან, საქართველოსთან მიმართებით, მათ შორის, დემოკრატიული და ადამიანის უფლებების სფეროში რეფორმების კუთხით. მისივე განცხადებით, კონგრესმენი მხარს უჭერს საქართველოსა და ამერიკას შორის თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების ხელმოწერას.

საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში დეპუტატები რატი იონათამიშვილი, ირაკლი ბერაია და გიორგი ტუღუში შედიან.