საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია შვედეთის პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა
საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ბერაიას ხელმძღვანელობით, სტოკჰოლმში შვედეთის პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს, პიტერ ჰულქვისტს შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა ორი ქვეყნის პარლამენტების შესაბამის კომიტეტებს შორის თანამშრომლობის მიმართულებები, ევროატლანტიკური სივრცის და შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოება, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარება და ნატო-ში ინტეგრაციის გზაზე შვედეთის მიერ საქართველოს მხარდაჭერის საკითხები განიხილეს. საუბარი ასევე შეეხო ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში პარტნიორობის გაღრმავების მნიშვნელობას.
ირაკლი ბერაიამ პიტერ ჰულქვისტს საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის, ევროატლანტიკური ინტეგრაციის და საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერებაში შვედეთის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და შვედი კოლეგა საქართველოში მოიწვია.
შვედეთის პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარესთან გამართულ შეხვედრას პარლამენტის წევრები ხატია წილოსანი და გიორგი ჩაკვეტაძე, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ლაშა დარსალია, შვედეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ირაკლი ხუცურაული და საქართველოს თავდაცვის ატაშე, ბრიგადის გენერალი ალექსანდრე კიკნაძე დაესწრნენ.
ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.