საქართველოს სანქტ-პეტერბურგის "მასტერსზე" სამი ნახევარფინალისტი ჰყავს
ძიუდოში სანქტ-პეტერბურგის “მასტერსის” ბოლო დღეს ოთხი ქართველი ჩაება ბრძოლაში და სამმა მათგანმა ნახევარფინალში გამოსვლის უფლება მოიპოვა.
90 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში ბექა ღვინიაშვილმა უზბეკ იმამოვსა და უნგრელ ტოტს ვაზარით მოუგო და ახლა ფინალის საგზურისთვის ქართული წარმოშობის ესპანელ ნიკოლოზ შერაზადიშვილს შეხვდება.
პირველ რაუნდებში ვარლამ ლიპარტელიანმა (100 კგ.) იპონით კუბელი გრანდა, ხოლო ვაზარით რუსი დენისოვი დაამარცხა. ქართველის მეტოქე ნახევარფინალში უნგრეთის წარმომადგენელი მიკლოშ სირენიკსი იქნება.
გურამ თუშიშვილმა მძიმე წონაში (+100 კგ) გამოსვლა მასპინძელ კრივობოკოვთან შეხვედრით დაიწყო. ქართველმა რუსს იპონით აჯობა. თუშიშვილს მეოთხედფინალში შვიდი წუთი დასჭირდა კუბელი გარსია მენდოსას დასამარცხებლად – დამატებით დროში შიდო მიაღებინა. ნახევარფინალში გურამს ბრაზილიელი რაფაელ სილვა ელოდება.
რაც შეეხება 81 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში ზებედა რეხვიაშვილის გამოსვლას, მან პირველივე ბრძოლაში ბრაზილიელ სანტოსთან ვაზარით წააგო.