საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, გროზნო-თბილისის ავიარეისის დანიშვნაზე უწყებაში განაცხადი არ შესულა
რუსული მედიის ცნობით, გროზნო-თბილისის მიმართულებით მაისიდან ავიარეისი იწყება. ამის შესახებ გროზნოს აეროპორტის გენერალურმა დირექტორმა სულტან გამბულატოვმა განაცხადა. მისი ინფორმაციით, ქართულ მხარესთან შეთანხმება უკვე მიღწეულია.
„საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, პირველად ინიშნება რეისი თბილისში“, – განაცხადა გამბულატოვმა.
საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ცნობით, ამ ეტაპზე უწყებაში გროზნო-თბილისის ავიარეისის დაწყებაზე განაცხადი არ შესულა.
ჩეჩნეთიდან პირდაპირი ავიარეისების დანიშვნა შარშანაც დაანონსდა, თუმცა მიმოსვლა არ დაწყებულა.