„დელტამ“ სახანძრო-სამაშველო მანქანების წარმოება დაიწყო. საქართველოში წარმოებული სახანძრო-სამაშველო ტექნიკის პირველი სამი ნიმუში 2018 წლის ბოლომდე გამოჩნდება.
ტექნიკას, სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი „დელტა“, სახანძრო ტექნიკის და აღჭურვილობის მწარმოებელ ავსტრიულ გიგანტ „როზენბაუერთან“ თანამშრომლობით აწყობს. ეს იქნება პირველი შემთხვევა, როცა საქართველოს ექნება საკუთარი წარმოების სახანძრო ავტოტექნიკა. დამკვეთი საქართველოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურია.
როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურია პრესსამსახურის უფროსმა, მიშა ფეიქრიშვილმა პირველ არხს განუცხადა, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა 5-წლიანი სამოქმედო გეგმა აქვს შემუშავებული, რომელიც სახანძრო დეპოების ეტაპობრივ განახლებას გულისხმობს.
“ჩვენი ამბიციაა, რომ მომავალი წლების განმავლობაში, არც ერთ სახანძრო-სამაშველო შენობაში აღარ იდგეს საბჭოთა წარმოების მანქანები. ეტაპობრივად, სრულად განვაახლებთ ავტოპარკს და პირველ რიგში ეს საქართველოს რეგიონებში მოხდება”, – განაცხადა მიშა ფეიქრიშვილმა.
„დელტასა“ და ავსტრიულ გიგანტ „როზენბაუერს” შორის ხელშეკრულება აპრილის თვეში გაფორმდა.
მიშა ფეიქრიშვილის განცხადებით, სახელმწიფოს შესყიდვასთან შედარებით ბევრად იაფი დაუჯდება სახანძრო-სამაშველო მანქანების ადგილზე წარმოება. სამომავლოდ კი არ არის გამორიცხული, საქართველოში წარმოებული სახანძრო მანქანებით რეგიონის ქვეყნების მომარაგება დაიწყოს.