საქართველოს სახალხო არტისტი კახი კავსაძე დღეს 85 წლის გახდა

ქართული კინოსა და თეატრის მსახიობს, საქართველოს სახალხო არტისტს, კახი კავსაძეს დღეს 85 წელი შეუსრულდა.

კახი კავსაძემ 1959 წელს დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი. კინოში მისი დებიუტი 50-იან წლებში შედგა. მას შესრულებული აქვს გამორჩეული როლები ფილმებში: „ნატვრის ხე“, „მონანიება“, „ვერის უბნის მელოდიები“, „ღვინის ქურდები“, „ცხელი ზაფხულის სამი დღე“ და სხვა. ასევე თამაშობდა სპექტაკლებში: „მოხუცი ჯამბაზები“, „კავკასიური ცარცის წრე“, „მერე რა რომ სველია, სველი იასამანი“, „რიჩარდ III“, „მეფე ლირი“ და სხვა.

კახი კავსაძე არაერთი პრემიის ლაურეატი და ჯილდოს მფლობელია. 2009 წელს მან კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო პრემია მიიღო, ხოლო 2010 წელს შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი გახდა.

2008 წელს რუსთაველის თეატრის წინ კახი კავსაძის ვარსკვლავი გაიხსნა.