საქართველოს საჰაერო სივრცის დატვირთვა 10.1 პროცენტით გაიზარდა, – ამის შესახებ საქაერონავიგაცია იუწყება.
უწყების ცნობით, 2018 წლის იანვარ-ივლისში საქართველოს საჰაერო სივრცეში 86 356 ინსტრუმენტალური ფრენა შესრულდა. აღნიშნული მაჩვენებელი 7 955 ფრენით და 10.1 პროცენტით მეტია 2017 წლის მაჩვენებელზე.
საქაერონავიგაციის მონაცემებით, 2018 წლის 7 თვის განმავლობაში შესრულებული გადაფრენების რიცხვი 60 415-ს შეადგენს, რაც 2017 წლის მაჩვენებელზე 3 031 ფრენით, ანუ 5.3 პროცენტით მეტია.
აფრენა-დაფრენის რაოდენობა კი, 25 941-ზე დაფიქსირდა, რაც 4 924 ფრენით, ანუ 23.4 პროცენტითაა გაზრდილი.
საქართველოს საჰაერო სივრცეში ნაფრენი დისტანცია 2018 წლის იანვარ-ივლისში 23 930 405 კილომეტრს შეადგენს, რაც 333 601 კილომეტრით და 1.4 პროცენტით მეტია გასულ წელთან შედარებით.
საქართველოს საჰაერო სივრცეს ტრანზიტული გადაადგილებისთვის ყველაზე ხშირად იყენებენ შემდეგი ავიაკომპანიები: Turkish Airlines, Azerbaijan Airlines –AZAL, Qatar Airways, Thai Airways International.
საქართველოს აეროპორტების აფრენა-დაფრენის ზონებში კი, ლიდერობენ „ჯორჯიან ეარვეისი“, Turkish Airlines და Wizzair.