საქართველოს საგარეო უწყება საზღვარგარეთ მცხოვრები ამომრჩევლებისთვის ინფორმაციას ავრცელებს
საქართველოს საგარეო უწყება საზღვარგარეთ მცხოვრები ამომრჩევლებისთვის ინფორმაციას ავრცელებს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო საზღვარგარეთ მცხოვრები ამომრჩევლებისთვის ინფორმაციას ავრცელებს. უწყების ცნობით, საზღვარგარეთ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური ჩატარდება 39 ქვეყანაში გახსნილ 55 საარჩევნო უბანში.

მათივე ცნობით, საქართველოს საზღვარგარეთ მყოფი მოქალაქეების საარჩევნო პროცესში მონაწილეობის უზრუნველსაყოფად, უცხოეთში გახსნილი საარჩევნო უბნები 8-დან 24:00 საათამდე იმუშავებს.

„საგარეო საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთხელ შეახსენებს საზღვარგარეთ მცხოვრებ ამომრჩევლებს: გადაამოწმეთ საზღვარგარეთ გახსნილი საარჩევნო უბნების მისამართები.

გაითვალისწინეთ, რომ ხმის მიცემა შესაძლებელია მხოლოდ იმ ქალაქში, სადაც თქვენი საარჩევნო უბანია განთავსებული; დაუშვებელია არჩევნებში მონაწილეობის დელეგირება, ანუ სხვა პირის ნაცვლად ხმის მიცემა; ხმის მიცემა ვერ განხორციელდება საქართველოს მოქალაქის პასპორტის ან პირადობის დამადასტურებელი მოწმობის გარეშე; აუცილებელია ხმის მიცემის დროს წარმოდგენილი იყოს საქართველოს მოქალაქის ვადიანი პასპორტი ან პირადობის დამადასტურებელი ვადიანი მოწმობა.

საჭიროების შემთხვევაში მიმართეთ შესაბამის ქვეყანაში საელჩოს/საკონსულო სამსახურის ცხელ ხაზს“, – აღნიშნულია უწყების ინფორმაციაში.

საგარეო საქმეთა სამინისტრო იმედს გამოთქვამს, რომ საზღვარგარეთ მყოფი ამომრჩევლები შეფერხების გარეშე განახორციელებენ კონსტიტუციით მინიჭებულ უფლებას და საკუთარ წვლილს შეიტანენ არჩევნების სათანადო დონეზე ჩატარებაში.