საქართველოს საგარეო უწყება - 12 აპრილს ფრენა შესრულდება ბერლინი-თბილისის მიმართულებით, 14 აპრილს დაგეგმილია ამსტერდამი-თბილისის ავიარეისი
საქართველოს საგარეო უწყება - 12 აპრილს ფრენა შესრულდება ბერლინი-თბილისის მიმართულებით, 14 აპრილს დაგეგმილია ამსტერდამი-თბილისის ავიარეისი

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ევროპიდან საქართველოს მიმართულებით ავიარეისებს ახორციელებს კომპანია „ჯორჯიან ეარვეისი“.

როგორც უწყებაში განმარტავენ, საკოორდინაციო საბჭოს მიერ განსაზღვრულია მიმდინარე წლის 26 მარტიდან 10 აპრილის ჩათვლით განსახორციელებელი მიმართულებები.

დღეს, საკოორდინაციო საბჭოზე განისაზღვრა 10 აპრილის შემდგომ, დამატებით, ორი მიმართულება: 12 აპრილი – ბერლინი-თბილისი და 14 აპრილი – ამსტერდამი-თბილისი.

საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ აღნიშნული ფრენები, ისევე როგორც საკოორდინაციო საბჭოს მიერ განსაზღვრული სხვა ავიარეისები, განხორციელდება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის პროტოკოლით, რაც ითვალისწინებს მგზავრთა ჭადრაკული პრინციპით განთავსებას, თითოეულ ბორტზე არაუმეტეს 120 მგზავრისა. ბილეთის ფასი განსაზღვრულია 199 ევროს ოდენობით.

ამასთან, საგარეო უწყება 3 აპრილის ვარშავა-თბილისის და ბერლინი-თბილისის მიმართულებებზე ბილეთების რეალიზაციის საკითხს გამოეხმაურა.

„საზოგადოების მაღალი ინტერესის გათვალისწინებით და იმ დიდი პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, რაც დაკავშირებულია უცხოეთში მყოფი ჩვენი თანამემამულეების სამშობლოში დაბრუნების პროცესთან, გვსურს, გამოვეხმაუროთ მიმდინარე წლის 3 აპრილის ვარშავა-თბილისის და ბერლინი-თბილისის მიმართულებებზე ბილეთების რეალიზაციის საკითხს.

საგარეო საქმეთა სამინისტრომ და ჩვენმა საელჩომ პოლონეთის რესპუბლიკაში პოლონეთის ავიახაზებისგან, რომლის მიერაც სრულად იყო ორგანიზებული ბილეთების გაყიდვის პროცესი, გამოითხოვა 3 აპრილის რეისზე ბილეთების რეალიზაციის მონაცემები. პოლონეთის ავიახაზების მონაცემებით, დღეს – 1 აპრილს, ავიაკომპანიამ 3 აპრილის ვარშავა-თბილისის რეისზე გასაყიდად გამოიტანა 67 ბილეთი. ბილეთების გაყიდვა დაიწყო ვარშავის დროით 10:00 საათზე. 32 ბილეთი გაიყიდა ვარშავის აეროპორტში მდებარე ავიაკომპანიის სალაროდან, ხოლო დარჩენილი 35 ბილეთი – ონლაინ, ანუ კომპანიის ვებგვერდის მეშვეობით, კომპანიის ინფორმაციით, 20 წუთის განმავლობაში. ბილეთის ფასი იყო 199 ევროს ექვივალენტი პოლონურ ეროვნულ ვალუტაში.

რაც შეეხება დანარჩენ 46 ბილეთს, როგორც ცნობილია, თავდაპირველად, კომპანიამ 3 აპრილის რეისზე ბილეთების ნაწილის გაყიდვა მოახდინა ქართულ მხარესთან შეუთანხმებლად – 26 მარტს (ამ ფაქტის აღმოჩენის შემდგომ, კომპანიას ქართული მხარისგან ეთხოვა დაუყონებლივ შეეწყვიტა ბილეთების რეალიზაცია, რადგან საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, განრიგით გაწერილ რეისებზე ბილეთების გაყიდვა უნდა მოხდეს ავიარეისამდე 2 დღით ადრე).

რაც შეეხება ბერლინი-თბილისის მიმართულებას, 3 აპრილს დაგეგმილ ავიარეისზე ბორტი განსაზღვრულია 120 მგზავრით, აქედან, 110 ბილეთის რეალიზაცია კომპანიამ მოახდინა ფრენების შეზღუდვამდე, შესაბამისად, ეს მგზავრები ისარგებლებენ 3 აპრილის რეისით, დარჩენილი 10 ბილეთი კი, გაიყიდა კომპანია „ჯორჯიან ეარვეისის“ მიერ.

მხედველობაში ვიღებთ, რომ როგორც პოლონეთის რესპუბლიკაში, ისე გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, კონცენტრირებულია საქართველოში გამომგზავრების მსურველთა დიდი რაოდენობა.

უნდა აღინიშნოს, რომ პანდემიის გავრცელების გამო საერთაშორისო ფრენების შეზღუდვის ფონზე, ვარშავიდან განხორციელდა ხუთი ორგანიზებული ფრენა, ხოლო ბერლინიდან – ორი ჩარტერული რეისი. აღსანიშნავია, რომ კომპანია „ჯორჯიან ეარვეისის“ მიერ დაგეგმილ ავიარეისებზე ყოველთვის არის მგზავრთა ნაწილი, რომელსაც დიდი ხნით ადრე, გეგმიურ ფრენებზე აქვს შეძენილი ბილეთები, შესაბამისად, მათი უფლებების დაცვის მიზნით, კომპანია ვერ ახერხებს ბილეთების სრული რაოდენობის ე.წ. თავისუფალ გაყიდვაში გამოტანას“, – აღნიშნულია საგარეო უწყების ინფორმაციაში.