საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ლუგარის ლაბორატორიაზე ჩინურ მედიაში გასულ ინფორმაციასთან დაკავშირებით ჩინეთის ელჩთან შეხვედრა გაიმართა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე ხვთისიაშვილმა შეხვედრა გამართა საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან ლი იენთან.
საქართველოს საგარეო უწყების ცნობით, შეხვედრისას განხილული იყო საქართველო-ჩინეთის ორმხრივი თანამშრომლობა სხვადასხვა მიმართულებით, ჩინეთის მიერ გაწეული დახმარება „კოვიდ-19“-ის პანდემიასთან ბრძოლაში, მათ შორის ქართველი და ჩინელი მედიკოსების, განსაკუთრებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროს წარმატებული და ეფექტური თანამშრომლობის საკითხები.
უწყებაში აღნიშნავენ, რომ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ კიდევ ერთხელ მადლობა გადაუხადა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობას და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩოს საქართველოსთვის გაწეული ჰუმანიტარული დახმარებისთვის.
შეხვედრაზე მხარეებმა გაცვალეს ინფორმაცია ორივე ქვეყანაში კორონავირუსთან დაკავშირებით დღეს არსებულ მდგომარეობაზე და იმ ქმედებებზე, რომელსაც ორივე სახელმწიფო მიმართავს პანდემიის საბოლოოდ დასამარცხებლად.
„ხაზგასმით აღინიშნა, რომ მხარეები აქტიურად გააგრძელებენ თანამშრომლობას როგორც ორმხრივ, ასევე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ფარგლებში, სიტუაციის გაუმჯობესების მიზნით.
შეხვედრისას განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა რუსეთის ფედერაციის მხრიდან საქართველოსთან დაკავშირებით მცდარი ინფორმაციის პროპაგანდაზე, რაც განსაკუთრებით გამძაფრდა „კოვიდ-19“-ის პანდემიის დროს და შეეხო საქართველოსთვის ისეთ მნიშვნელოვან სამედიცინო და სამეცნიერო დანიშნულების ობიექტს, როგორიც ლუგარის ლაბორატორიაა. აღინიშნა, რომ სამწუხაროდ რუსეთის ფედერაცია განაგრძობს საერთაშორისო საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობას, რომელსაც სამწუხარო გამოხმაურება მოჰყვა ჩინეთის მედიასაშუალებებში“, – აცხადებენ საქართველოს საგარეო უწყებაში.
მედიის ცნობით, ჩინეთის საგარეო უწყებაში განაცხადეს, რომ აშშ-ს ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების ტერიტორიაზე კვლევითი ლაბორატორიები აქვს, რაც მათივე თქმით, ზოგიერთ მეზობელ ქვეყნებში შეშფოთებას იწვევს. ამგვარად, პეკინში დაეთანხმნენ რუსეთის საგარეო საქმეთა პრესსპიკერ მარია ზახაროვას ანალოგიური შინაარსის განცხადებას.
საქარველოს საგარეო უწყების ცნობით, შეხვედრაზე ჩინურმა მხარემ აღნიშნა, რომ იგი ემიჯნება მედიის მხრიდან საქართველოს ხსენებას არასწორი ინტერპრეტაციით და იმედი გამოთქვა, რომ ორ ქვეყანას შორის შენარჩუნდება არსებული წარმატებული ურთიერთობები, მათ შორის სამედიცინო და კვლევითი მიმართულებით. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ პანდემიის დაწყებიდან ხდება ქართველი და ჩინელი ექიმების, ეპიდემიოლოგებისა და დაავადებათა კონტროლის სამსახურების მუდმივი კონტაქტი და ვირუსის გავრცელების პრევენციის კუთხით ინფორმაციების, კვლევის შედეგების და მკურნალობის მეთოდების აქტიური გაზიარება.
„ჩინურ მხარეს მიეწოდა დამატებითი დეტალური ინფორმაცია საქართველოს დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის, ასევე ლუგარის ლაბორატორიის მუშაობის და მნიშვნელობის შესახებ არა მარტო საქართველოსთვის, არამედ რეგიონისთვის. ხაზგასმით აღინიშნა მიმდინარე პერიოდში ლუგარის ლაბორატორიის მნიშვნელობა და მისი ეფექტური საქმიანობა „კოვიდ-19“-ის პანდემიის პრევენციის და დამარცხების კუთხით, ასევე ცენტრის თანამშრომლობა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის შესაბამის ლაბორატორიებთან და მედიკოსებთან გამოცდილების გაზიარების კუთხით.
თავის მხრივ ჩინურმა მხარემ მაღალი შეფასება მისცა საქართველოს დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მუშაობას და ხაზი გაუსვა მის მნიშვნელობას რეგიონის მასშტაბით“, – აცხადებენ საქართველოს საგარეო უწყებაში.
ამასთან, შეხვედრისას საუბარი ასევე შეეხო საქართველოსა და ჩინეთს შორის საერთაშორისო ორგანიზაციებში თანამშრომლობის საკითხებს.