საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის საკითხზე ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარს ტელეფონით ესაუბრა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანსა და ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარ დუნია მიატოვიჩს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საუბრის თემა საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის საკითხი იყო.
სამინისტროს ინფორმაციით, საგარეო საქმეთა მინისტრის მხრიდან კიდევ ერთხელ შეშფოთება გამოითქვა საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გამო და აღინიშნა, რომ მსგავსი უკანონო ქმედებები უკიდურესად ამძიმებს ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილ უმძიმეს ვითარებას, როგორც უსაფრთხოების, ასევე ადამიანის უფლებების კუთხით. დავით ზალკალიანმა ხაზი გაუსვა მსგავსი ჰუმანიტარული ხასიათის კრიზისებზე საერთაშორისო თანამეგობრობის, განსაკუთრებით კი, ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ორგანიზაციების, მათ შორის, ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის აქტიური ჩართულობის მნიშვნელობას.
ზალკალიანმა დუნია მიატოვიჩს ვაჟა გაფრინდაშვილის საკითხზე ქართული მხარის მიერ გადადგმული ნაბიჯების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. სატელეფონო საუბრისას გამოითქვა მზადყოფნა, მხარეებმა შეინარჩუნონ მუდმივი კომუნიკაცია და გაცვალონ ინფორმაცია არსებულ ვითარებაზე.