საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრად ილია დარჩიაშვილი დაინიშნა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„მინდა, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე წარმოგიდგინოთ მთავრობის ადმინისტრაციის ყოფილი უფროსი ილია დარჩიაშვილი. მას აქვს მრავალმხრივი გამოცდილება კერძო სექტორში, საჯარო სექტორში. აქვს ბრწყინვალე განათლება, გამოცდილება და მჯერა, იქნება წარმატებული საგარეო საქმეთა მინისტრი. წლების წინ იგი მუშაობდა მინისტრის პირველი მოადგილის რანგში, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში, მანამდე იყო მუნიციპალური განვითარების ფონდის ხელმძღვანდელი, მუშაობდა პოლონეთის საელჩოში, ბოლო წლებში იყო პოლონეთში საქართველოს ელჩი. მჯერა, იქნება წარმატებული საგარეო საქმეთა მინისტრი და ვუსურვებ მას წარმატებას. ჩვენ დღეს ძალიან ბევრი გამოწვევის წინაშე ვდგავართ, ამ სიტუაციაში, ბუნებრივია, საჭიროა აქტიურობა, ჩვენი მთავარი ეროვნული მიზნის მისაღწევად ამ გზაზე გვჭირდება შემართებით მუშაობა და ჩვენი ყველა სტრატეგიული მიზნის განხორციელება“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, დავით ზალკალიანი, რომელიც საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობას იკავებდა, ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად გააგრძელებს მუშაობას.
ილია დარჩიაშვილი 2021 წლიდან მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობას იკავებდა. იქამდე იყო საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი პოლონეთის რესპუბლიკაში, ხოლო მანამდე საგანგებო დავალებათა ელჩი. ილია დარჩიაშვილი სხვადასხვა პერიოდში იყო საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე; მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი; ფონდის დირექტორის პირველი მოადგილე; მანამდე იგი კერძო სექტორში საქმიანობდა.