საქართველოს საერთაშორისო აეროპორტებში დამატებითი თერმოკამერები მონტაჟდება
საქართველოში კორონავირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, თბილისის, ქუთაისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებში დამატებითი თერმოკამერები დამონტაჟდება. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს.
თერმოკამერების მეშვეობით აეროპორტებში ჩამომფრენი მგზავრების სკანირება უკონტაქტოდ ხდება.
უწყების ინფორმაციით, თერმოკამერების მაღალი სიზუსტე განპირობებულია იმით, რომ კამერა სკრინინგის პროცესში იყენებს თერმულ ეტალონებს. იმ შემთხვევაში, თუ მგზავრს აღმოაჩნდა მაღალი ტემპერატურა, ინფორმაცია კამერაზე მიერთებული კომპიუტერის მეშვეობით ოპერატორს მიეწოდება, რომელიც, თავის მხრივ, შემდგომი რეაგირებისთვის, ინფორმაციას შესაბამის სამსახურს გადასცემს.
პრევენციული ღონისძიებები საქართველოს აეროპორტებში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანებისა“ და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ორგანიზებით ხორციელდება.