საქართველოს საელჩო უკრაინაში მყოფი მოქალაქეებისთვის ცხელი ხაზის ნომრებს აქვეყნებს
საქართველო ყურადღებით ადევნებს თვალს უკრაინაში მიმდინარე პროცესებს. ჩვენ მუდმივ კავშირზე ვრჩებით, როგორც უკრაინელ კოლეგებთან, ასევე ჩვენს პარტნიორ ქვეყნებთან და ორგანიზაციებთან, – ამის შესახებ უკრაინაში საქართველოს საელჩოს განცხადებაშია აღნიშნული.
როგორც საელჩოში აცხადებენ, უკრაინაში ვითარების შემდგომი ესკალაციის მაღალი ალბათობის გათვალისწინებით, საქართველოს საელჩო კიევში და გენერალური საკონსულოები ოდესაში, დონეცკში (რეზიდენციით კიევი) გადასული არიან მუშაობის საგანგებო რეჟიმზე.
„უკრაინის ტერიტორიაზე მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის მოქმედებს ცხელი ხაზი +380 (63) 376 77 68; +380 (93) 761 17 17; (093) 544 01 47. ამასთან, საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობები მუდმივ რეჟიმში კონტაქტზე არიან ადგილზე მყოფ საქართველოს მოქალაქეებთან და მოუწოდებენ მათ გაითვალისწინონ შექმნილი რთული უსაფრთხოების გარემო“, – ნათქვამია განცხადებაში.
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა დონბასში სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადა. უკრაინის რამდენიმე ქალაქში აფეთქებების ხმა ისმის. ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინაში საომარი მდგომარეობა გამოაცხადა.