აშშ-ში საქართველოს საელჩო - ინფორმაცია, თითქოს ჯონ ბოლტონმა საქართველოში ვიზიტისას გამოხატა შეშფოთება თავდაცვით შეიარაღებასთან დაკავშირებით, არის აბსოლუტურად ცრუ და ყალბი
აშშ-ში საქართველოს საელჩო - ინფორმაცია, თითქოს ჯონ ბოლტონმა საქართველოში ვიზიტისას გამოხატა შეშფოთება თავდაცვით შეიარაღებასთან დაკავშირებით, არის აბსოლუტურად ცრუ და ყალბი

ინფორმაცია, თითქოს ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა, ჯონ ბოლტონმა საქართველოში ვიზიტისას გამოხატა შეშფოთება საქართველოს მიერ შეძენილ თავდაცვით შეიარაღებასთან დაკავშირებით, არის აბსოლუტურად ცრუ და ყალბი, – ამის შესახებ აშშ-ში საქართველოს საელჩოს განცხადებაშია ნათქვამი.

„დღეს დილიდან ანონიმური წყაროს მიერ გავრცელდა ინფორმაცია, თითქოსდა ჯონ ბოლტონმა საქართველოში ვიზიტისას გამოხატა შეშფოთება საქართველოს მიერ შეძენილ თავდაცვით შეიარაღებასთან დაკავშირებით.

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ეს არის აბსოლუტურად ცრუ და ყალბი ინფორმაცია. საეჭვო კერძო ბლოგიდან დეზინფორმაციის გავრცელება კლასიკური მცდელობაა, ჩრდილი მიაყენონ საქართველო-ამერიკის სტრატეგიულ პარტნიორობას, რომელიც განსაკუთრებულად ბოლო წლებში უაღრესად პოზიტიურად ვითარდება და ორმხრივი ურთიერთობების ყველაზე მაღალ ნიშნულზეა.

ელჩი ბოლტონის ვიზიტი საქართველოში იყო უაღრესად წარმატებული და ამ ვიზიტის კვალდაკვალ ჩვენი ორმხრივი სტრატეგიული პარტნიორობა ახალ მასშტაბებს შეიძენს, მათ შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის კუთხით“, – აღნიშნულია აშშ-ში საქართველოს საელჩოს განცხადებაში.

ამ თემაზე დღეს ინფორმაცია გაავრცელა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომაც. როგორც უწყების პრესსამსახურში განმარტავენ, „სრულიად გაურკვეველი და უცნობი საიტის, ReportBlogs-ის წარმომავლობა არის საეჭვო და მასზე განთავსებული მასალა, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი ნიკა რურუა სოციალურ ქსელებში აზიარებს, წარმოადგენს ე.წ. ფეიკნიუსის კლასიკურ მაგალითს“.