„საქართველოს რკინიგზა“ - ამ ეტაპისთვის არ არსებობს გაფიცვის არავითარი წინაპირობა, რადგან წლების განმავლობაში პირველად ხდება ხელფასების საყოველთაო მატება
ხელფასების 50-პროცენტიანი მატების მოთხოვნა ან განხილვა არარეალურ, პოპულისტურ საკითხს წარმოადგენს და ვინაიდან თითოეულმა რკინიგზელმა ზედმიწევნით კარგად იცის კომპანიის ფინანსური მდგომარეობა, სიმართლეს არ შეესაბამება განცხადებები, რომ დაახლოებით 4 800 რკინიგზელი გაფიცვისთვის ემზადება, – ამის შესახებ „საქართველოს რკინიგზა“ განცხადებას ავრცელებს.
მათივე ცნობით, ამ ეტაპისთვის არ არსებობს გაფიცვის არავითარი წინაპირობა, რადგან წლების განმავლობაში პირველად ხდება ხელფასების საყოველთაო მატება.
„სს „საქართველოს რკინიგზა“ კიდევ ერთხელ ხაზგასმით აცხადებს, რომ კომპანიის მენეჯმენტი მუდმივად უსმენს და შესაძლებლობის ფარგლებში ცდილობს, დააკმაყოფილოს თანამშრომელთა საჭიროებები და მოთხოვნები. სწორედ ამიტომ, დასაქმებულთა იმ კატეგორიას, რომელთა ხელფასი 1 500 ლარს არ აღემატება, ხელფასი ემატება 10 პროცენტით, რაც წლიურად დაახლოებით 18-20 მილიონ ლარს შეადგენს და ეს ამ ეტაპზე, ის მაქსიმუმია, რისი ფინანსური რესურსიც გამოიძებნა. ამასთანავე, უკლებლივ ყველა რკინიგზელს საჩუქრის სახით, წელიწადში 2-ჯერ ფიქსირებული თანხა გადაეცემა.
ხელფასების 50-პროცენტიანი მატების მოთხოვნა და/ან განხილვა არარეალურ, პოპულისტურ საკითხს წარმოადგენს და ვინაიდან თითოეულმა რკინიგზელმა ზედმიწევნით კარგად იცის კომპანიის ფინანსური მდგომარეობა, სიმართლეს არ შეესაბამება განცხადებები, რომ დაახლოებით 4 800 რკინიგზელი გაფიცვისათვის ემზადება. მეტიც, „რკინიგზელთა ახალი პროფკავშირი“ აერთიანებს 400-მდე წევრს და მას არ გააჩნია ლეგიტიმაცია სრული კოლექტივის სახელით ისაუბროს და მით უფრო დააანონსოს გაფიცვები, შეუსრულებადი მოთხოვნების საპირისპიროდ.
ამასთან, გაფიცვის არავითარი წინაპირობა ამ ეტაპისთვის არ არსებობს, რადგანაც წლების განმავლობაში პირველად ხდება ხელფასების საყოველთაო მატება და თავად „რკინიგზელთა ახალი პროფკავშირიც“ ავრცელებს ინფორმაციას, რომ 10 აგვისტოს გამგეობის სხდომაზე განიხილავენ გაფიცვის ფორმასა და დროს.
კიდევ ერთხელ განვმარტავთ – ნებისმიერ ლოგიკურ მოთხოვნასთან დაკავშირებით, კომპანიის მენეჯმენტი მოლაპარაკებებს მართავს და საუბრობს თანამშრომლებთან, თუმცა ხელფასების 50%-იან მატებასთან დაკავშირებით დანიშნულ მედიაციის პროცესში მონაწილეობა რომ ყოველგვარ აზრს მოკლებულია, ამასთან დაკავშირებით საჯარო განცხადებები მედია სივრცეში უკვე გაკეთდა, თუმცა აქვე აღსანიშნავია, რომ „საქართველოს რკინიგზას“ ოფიციალური შეტყობინება მედიაციის კონკრეტულ თარიღთან დაკავშირებით არ მიუღია.
შეგახსენებთ, რომ 2020 წლის პირველი მარტიდან, „საქართველოს რკინიგზის“ ყველა თანამშრომელს, ვისი ხელფასიც არ აღემატება 1 500 ლარს, ანაზღაურება 10% -ით გაეზრდება. ამასთანავე, უკლებლივ ყველა რკინიგზელზე, წელიწადში 2-ჯერ ფიქსირებული თანხის ოდენობით ფულადი საჩუქარი გაიცემა.
„საქართველოს რკინიგზის“ გენერალური დირექტორისა და მენეჯმენტის მხრიდან მუდმივ რეჟიმში ხდება დასაქმებულებთან შეხვედრა. სწორედ ამ შეხვედრების დროს გაიცა გარკვეული დაპირებები, მათ შორის ითქვა, რომ გადაიხედებოდა სახელფასო პოლიტიკა. დირექტორატის ძალისხმევით შესაძლებელი გახდა დამატებითი სარეზერვო თანხების მოძიება და რკინიგზელთა საჭიროებების შეძლებისდაგვარად დაკმაყოფილება. „საქართველოს რკინიგზა“ მუდმივად ზრუნავს დასაქმებულთა პირობების გაუმჯობესებაზე და მათ სხვადასხვა სახის სოციალურ პროექტებს სამომავლოდაც შესთავაზებს“, – აღნიშნულია განცხადებაში.
ხელფასების გაზრდის მოთხოვნით, „საქართველოს რკინიგზის“ თანამშრომელები მასშტაბურ აქციებსა და გაფიცვებს გეგმავენ. როგორც რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის თავმჯდომარის მოადგილე ილია ლეჟავამ განაცხადა, რკინიგზის ადმინისტრაცია მათთან მოლაპარაკებებსა და მედიაციაზე უარს აცხადებს.