ხელფასების გაზრდის მოთხოვნით, „საქართველოს რკინიგზის“ თანამშრომელები აქციებსა და გაფიცვებს გეგმავენ
ხელფასების გაზრდის მოთხოვნით, „საქართველოს რკინიგზის“ თანამშრომელები აქციებსა და გაფიცვებს გეგმავენ

ხელფასების გაზრდის მოთხოვნით, „საქართველოს რკინიგზის“ თანამშრომელები მასშტაბურ აქციებსა და გაფიცვებს გეგმავენ. გაფიცვის დაწყების ზუსტი თარიღი ცნობილი 10 აგვისტოს გახდება. რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის წევრები ხელფასების 50 პროცენტით მომატებას ითხოვენ და აცხადებენ, რომ რკინიგზის ადმინისტრაცია მათთან მოლაპარაკებებსა და მედიაციაზე უარს აცხადებს.

ამ დროისთვის საგაფიცვო პროცედურების დაწყების მოთხოვნაზე ხელს აწერს 4 800 ადამიანი. რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის წევრების განცხადებით, როდესაც საპროტესტო აქციები დაიწყება, ეს შიდა და გარე მიმოსვლის შეჩერებას ავტომატურად გამოიწვევს.

რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის თავმჯდომარის მოადგილე ილია ლეჟავა აცხადებს, რომ 2012 წლიდან რკინიგზელებს ხელფასი არ გაზრდიათ.

„მათი სახელფასო ანაზღაურება ძალიან დაბალია. აქედან გამომდინარე, რკინიგზელთა ახლმა პროფკავშირმა რკინიგზის ადმინისტრაციასთან კოლექტიური შრომითი დავა დაიწყო, რომ მათი ხელფასები გაიზარდოს. პროფკავშირს ყველა მონაცემი დამუშავებული აქვს, მათ შორის ბიუჯეტთან დაკავშირებული და რკინიგზის ადმინისტრაციასთან კონკრეტული შეთავაზება აქვს, ეს ხელფასები როგორ, რა ფორმით და რა პერიოდულობით უნდა გაიზარდოს. რკინიგზის ადმინისტრაცია მოლაპარაკებებზე უარს ამბობს. პროცედურა შრომის კოდექსით გაწერილია. 21 დღე რადგან ამოიწურა, რკინიგზელებს კანონით აქვთ მოპოვებული გაფიცვის უფლება. ამისთვის პროფკავშირები 10 აგვისტოს შეიკრიბებიან და გაფიცვის დღეს დააანონსებენ. ჩვენი მოთხოვნაა, ანაზღაურება 50%-ით გაიზარდოს, თუმცა, პროფკავშირი მზად იყო, თუ მოლაპარაკება შედგებოდა, გადავადებასთან დაკავშირებით კონკრეტული შეთავაზება გაეკეთებინა. სამწუხაროდ, ეს მოლაპარაკება არ შედგა. აქედან გამომდინარე, გაფიცვის უფლება მოპოვებულია და ერთადერთი გზა გვაქვს, რომ კონსტიტუციით მინიჭებული ეს უფლება გამოვიყენოთ“, – განაცხადა ილია ლეჟავამ.