საქართველოს რეგიონებსა და დედაქალაქში 11 ივლისიდან კლასიკური მუსიკის კონცერტები გაიმართება
„კლასიკური მუსიკის დაცვის, განვითარებისა და პოპულარიზაციის ცენტრი“ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერითა და დაფინანსებით, საქართველოს მასშტაბით იწყებს პროექტს „კლასიკური მუსიკის კონცერტები ალტერნატიულ სივრცეებში საქართველოს რეგიონებსა და დედაქალაქში“. ამის შესახებ ინფორმაციას კულტურის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, პროექტი მიზნად ისახავს ეტაპობრივად, პანდემიის რეგულაციების სრული დაცვით, შესთავაზოს მოქალაქეებს შემეცნებითი ლექცია-კონცერტები და გააცნოს ახალგაზრდებს კლასიკური მუსიკის სამყარო.
„ამ ეტაპზე დაგეგმილია კონცერტი-საუბრების ჩატარება სამეგრელოში, გურიასა და კახეთში, ჯამში ჩატარდება 23 კონცერტი. პროექტი დაიწყება 11 ივლისს ზუგდიდსა და ხობში, 12 ივლისს წალენჯიხასა და ჩხოროწყუში გადაინაცვლებს, 13 ივლისს კონცერტი-საუბრები სენაკსა და აბაშაში გაიმართება, ხოლო 14 ივლისს სამეგრელოს ტური ფოთში დასრულდება. 15 ივლისს პროექტი გურიის რეგიონში, ლანჩხუთსა და ჩოხატაურში გაგრძელდება, ოზურგეთს კი, მუსიკოსები 16 ივლისს ესტუმრებიან.
20 ივლისიდან „კლასიკური მუსიკის კონცერტები ალტერნატიულ სივრცეებში საქართველოს რეგიონებსა და დედაქალაქში“ კახეთის რეგიონში, კერძოდ კი, საგარეჯოსა და დედოფლისწყაროში გადაინაცვლებს, 21 ივლისს სიღნაღი და ლაგოდეხი, ხოლო 22 ივლისს ახმეტა უმასპინძლებს მუსიკოსებს.
კონცერტების მსვლელობისას თავად მუსიკოს-შემსრულებლები საინტერესო ფორმით მოუთხრობენ ბავშვებს მუსიკაზე, მუსიკოსებზე, კომპოზიტორებზე, ეპოქაზე, ნაწარმოებებსა თუ ინსტრუმენტებზე. აღნიშნულ ღონისძიებებს ინტერაქტიული, შემეცნებით-გასართობი ფორმა ექნება.
პროექტის მიზანია საქართველოს რეგიონებში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის კლასიკური მუსიკის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, კლასიკური მუსიკით ახალგაზრდა თაობის დაინტერესება და მოსმენის კულტურის განვითარება.
პროექტში მონაწილეობენ: თბილისის ახალგაზრდული ორკესტრი (თაო, ხელმძღვანელები – მირიან ხუხუნაიშვილი, მიშა მდინარაძე), სიმებიანი კვარტეტი „იბერი“ და თბილისის გოგონათა გუნდი ომარ ბურდულის ხელმძღვანელობით.
პროექტში მონაწილე მუსიკოსები შერჩეულნი არიან არა მხოლოდ მათი პროფესიული ნიშნით, არამედ იმ გამოცდილებითაც, რაც მათ უკვე გააჩნიათ ბავშვებთან ურთიერთობაში.
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს პრიორიტეტების გათვალისწინებით, ამ პროექტისთვის შერჩეული იქნა ისეთი მუსიკალური კოლექტივები, რომლებსაც არა აქვთ სახელფასო დაფინანსება ან აქვთ არასრული წლის განმავლობაში.
პროექტის მეორე ეტაპის განხორციელება შემოდგომაზე, ჯერ გურჯაანის რაიონში (კაჭრეთი, ველისციხე, ნატო ვაჩნაძის სახელობის სახლ-მუზეუმი და იოსებ ნონეშვილის სახელობის სახლ-მუზეუმი), შემდეგ კი თბილისის სხვადასხვა უბანში იგეგმება“, – აღნიშნულია საქართველოს კულტურის სამინისტროს ინფორმაციაში.