საქართველოს რამდენიმე ქალაქში უკრაინის მხარდამჭერი აქციები გაიმართა
საქართველოს რამდენიმე ქალაქში უკრაინის მხარდამჭერი აქციები გაიმართა

საქართველოს რამდენიმე ქალაქში უკრაინის მხარდამჭერი აქციები დღესაც გაიმართა. ბათუმში, ევროპის მოედანზე სხვადასხვა დიასპორის წარმომადგენლები მივიდნენ.

უკრაინელი ხალხის დასახმარებლად ორ ლოკაციაზე შტაბი გაიხსნა, სადაც მედიკამენტებსა და სხვადასხვა აუცილებელ ნივთებს შეაგროვებენ და უახლოეს პერიოდში ომის შედეგად დაზარალებულებს ჰუმანიტარულ დახმარებას მიაწვდიან.

დღესვე, ევროპის მოედანზე ბაიკერებმა აქცია-პერფორმანსიც მოაწყვეს.

„არა ომს, იღუპებიან უდანაშაულო ადამიანები. უკრაინელი ბავშვები საფრთხის ქვეშ არიან, დიდება უკრაინას. მხარდაჭერას ვუცხადებთ იმ ადამიანებს, რომლებიც დღეს უკრაინაში იბრძვიან. ეს ტკივილი ჩვენთვის უცხო არ არის, რუსი ოკუპანტი სისხლს მოწყურებულია. რუსეთი ცდილობს საქართველოს დამოუკიდებლობის ჩამოშლას, რაც არ გამოუვა“, – აღნიშნა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

უკრაინის მხარდასაჭერი აქცია მოეწყო ოზურგეთში, ჭადრების ბაღშიც. აქციის მონაწილეებმა სოლიდარობა გამოუცხადეს უკრაინელ ხალხს.

„ეს არ არის მხოლოდ უკრაინის ომი და დღეს საქართველოს ბედიც წყდება. მხარს ვუჭერთ ჩვენ უკრაინელ ძმებს“, –  აცხადებენ აქციის მონაწილეები.

ოზურგეთში მოწყობილ აქციაზე საქართველოს და უკრაინის ჰიმნები გაჟღერდა.

ამასთან, უკრაინის მხარდამჭერი აქცია გაიმართა გორში. გორის უნივერსიტეტის სტუდენტები უნივერსიტეტის შენობასთან შეიკრიბნენ. მათ რიგითი გორელებიც შეუერთდნენ. აქცია საქართველოსა და უკრაინის ჰიმნით დაიწყო.

აქციის მონაწილეებმა მხარდაჭერა გამოუცხადეს უკრაინელ ხალხს და კიდევ ერთხელ გააპროტესტეს რუსული აგრესია.

„ჩვენ ასეთი ფორმით გამოვხატავთ პროტესტს იმ აგრესიის და ბოროტების მიმართ, რასაც რუსეთი აკეთებს უკრაინაში. მხარდაჭერას გამოვხატავთ უკრაინელი ხალხის მიმართ. ჩვენ, გორელი ახალგაზრდები, სტუდენტები ვდგავართ უკრაინელი ახალგაზრდების გვერდით. უკრაინის გამარჯვება არის მთელი ევროპის და ქართველი ხალხის გამარჯვება“ , – განაცხადა გორის უნივერსიტეტის სტუდენტმა.