საქართველოს ქალ ჩოგბურთელთა ნაკრებმა ფედერაციის თასზე ისევ 1:2 წააგო
საქართველოს ქალ ჩოგბურთელთა ნაკრებმა ფედერაციის თასზე მეორე მატჩი წააგო. ევრო-აფრიკული ზონის I ჯგუფის A ქვეჯგუფში ბულგარეთთან 1:2 წაგების შემდეგ, ჩვენი გუნდი ასეთივე ანგარიშით დამარცხდა სერბეთთან.
ამ შეხვედრის მიმდინარეობა იგივე იყო, როგორც ბულგარეთთან: საქართველომ წააგო ორივე ერთეულთა მატჩი და მხოლოდ წყვილების თამაში მოიგო. ჯერ სოფია შაფათავამ წააგო ოლგა დანილოვიჩთან – 3:6, 0:6, შემდეგ კი ეკატერინე გორგოძე დამარცხდა დეიანა რადანოვიჩთან – 6:2, 5:7, 4:6. წყვილებში შაფათავამ და მარიამ ბოლქვაძემ დანილოვიჩსა და ბოიანა მარინკოვიჩს 6:7(7), 7:6(4), 6:3 სძლიეს, თუმცა, ამ მატჩს აღარანაირი მნიშვნელობა აღარ ჰქონდა.
საქართველოს ნაკრებმა A ჯგუფში ბოლო ადგილი დაიკავა და ევრო-აფრიკული ზონის I ჯგუფში დასარჩენად იბრძოლებს. ჩვენი გუნდის შემდეგი მეტოქე ავსტრია იქნება, რომელმაც D ჯგუფში დაიკავა ბოლო ადგილი.