საქართველოს პროკურატურამ თაღლითობისა და დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზების ტრანსნაციონალური დანაშაული გამოავლინა
საქართველოს პროკურატურამ თაღლითობისა და დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზების ტრანსნაციონალური დანაშაული გამოავლინა

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ჩატარებული კომპლექსური გამოძიების შედეგად, თაღლითობისა და დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზების ტრანსნაციონალური დანაშაული გამოავლინა. პროკურატურის ინფორმაციით, სისხლისსამართლებრივი დევნა დაწყებულია ორი ფიზიკური და ერთი იურიდიული პირის მიმართ.

„ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ უცხოური კომპანიების კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლების მიზნით, ბრალდებულებმა საქართველოში საწარმო დააფუძნეს და საბანკო ანგარიშები გაუხსნეს.

დანაშაულებრივი გეგმის შესაბამისად, ერთ-ერთი ბრალდებული, გამოგონილი სახელით გაეცნო საფრანგეთსა და დიდ ბრიტანეთში მოქმედი საწარმოების წარმომადგენლებს, რა დროსაც დაარწმუნა ისინი, თითქოსდა მისი კომპანია საქართველოსა და საფრანგეთში დიდ სავენახე მეურნეობას ფლობდა და ფინანსური მოგების მიღების მიზნით, საწარმოში ინვესტიციების განხორციელება შესთავაზა.

მეტი დამაჯერებლობისთვის, ბრალდებულებმა დაზარალებულებს საწარმოს შემოსავლებისა და მოგების შესახებ ყალბი ინფორმაცია წარუდგინეს.

დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა, 2020 წლის მაისი-ივლისის პერიოდში დაზარალებულებს, გამოგონილი ე.წ. წარმატებული ბიზნესსაქმიანობის ფარგლებში, თითქოსდა საინვესტიციოდ განკუთვნილი 600 000 ევრო მოტყუებით საბანკო ანგარიშებზე ჩაარიცხინეს.

დანაშაულებრივი გზით მოპოვებული დიდი ოდენობით თანხების ლეგალიზების მიზნით, მიღებული შემოსავლები, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა დაანაწევრეს და მრავალჯერადი ტრანზაქციებით, ფიქტიური დანიშნულებებით, მათ მიერ კონტროლირებად საბანკო ანგარიშებზე საზღვარგარეთ გადარიცხეს.

აღნიშნულით, ბრალდებულებმა უკანონოდ მიღებული, დაახლოებით ორ მილიონ ლარამდე შემოსავლის ლეგალიზება მოახდინეს“, – ნათქვამია პროკურატურის ინფორმაციაში.

ფიზიკური პირების მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე და 194-ე მუხლებით დაიწყო, რაც თაღლითობასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზებას გულისხმობს და სასჯელის სახედ და ზომად ცხრიდან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

იურიდიული პირის მიმართაც სისხლისსამართლებრივი დევნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლით დაიწყო, რაც სასჯელის სახედ ლიკვიდაციას ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევასა და ჯარიმას ითვალისწინებს.

​პროკურატურაში აცხადებენ, რომ უწყება ბრალდებულთათვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების მოთხოვნით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

„გამოძიების მიერ, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, დაყადაღებულია დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებისა და მათი საწარმოების საბანკო ანგარიშებზე არსებული თანხები, ბრალდებულების საკუთრებაში არსებული ოთხი ძვირადღირებული უძრავი ქონება და ორი ავტომანქანა. პროკურატურის მიერ ჩატარდება შესაბამისი სამართლებრივი პროცედურები როგორც ფულადი თანხების, ისე უძრავ-მოძრავი ქონების ჩამორთმევის მიზნით.

საქართველოს გენერალური პროკურატურა აგრძელებს ინტენსიურ გამოძიებას და საერთაშორისო თანამშრომლობას დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების, ასევე ანალოგიური საქმიანობით დაკავებული სხვა ფიზიკური თუ იურიდიული პირების გამოვლენისა და მხილების მიზნით“, – აცხადებენ პროკურატურაში.